ორსულთა და ახალშობილთა მეთვალყურეობის ახალი ელექტრონული სისტემა დაინერგა
ჯანდაცვის სამინისტრო ანტენატალურ და სამეანო მომსახურებაზე ზედამხედველობას აძლიერებს. ამ მიზნით დაინერგება აღრიცხვიანობის ახალი ელექტრონული სისტემა „ორსულთა და ახალშობილთა ჯანმრთელობის მეთვალყურეობის ელექტრონული მოდული“, რომელიც აძლიერებს დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობის მართვის საინფორმაციო სისტემას; უზრუნველყოფს მონაცემთა სიზუსტეს; აადვილებს მომსახურების მიწოდებაზე კონტროლსა და ანგარიშგებას; აუმჯობესებს სერვისის ხარისხს და იძენს უდიდეს პოტენციალს გახდეს მსოფლიო სამეცნიერო კვლევების ნაწილი.
ახალი ელექტრონული სისტემა ჯანდაცვის სამინისტროს ეროვნულ სასწავლო ცენტრში შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ, დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორმა ამირან გამყრელიძემ და გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელი საქართველოში საშა გრაუმანმა წარადგინეს.
ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, აღნიშნული პროექტი გაეროს ბავშვთა ფონდის ტექნიკური და ფინანსური ხელშეწყობით ხორციელდება. უწყების ეროვნულ სასწავლო ცენტრში მიმდინარეობს ანტენატალური კლინიკების და სამშობიაროების წარმომადგენელთა ტრენინგი-მონაცემთა შეყვანასთან დაკავშირებულ საკითხებზე.
დაგეგმილია მთელი ქვეყნის მასშტაბით აღნიშნული დაწესებულებების 500-მდე წარმომადგენლის მომზადება. თბილისის გარდა, ტრენინგები გაიმართება იმერეთში, სამეგრელოსა და აჭარის რეგიონებში. ცნობისთვის, 2016 წლიდან „ორსულთა და ახალშობილთა ჯანმრთელობის მეთვალყურეობის ელექტრონულ მოდულში“ მონაცემების განთავსება სავალდებულო გახდება და მისი გამოყენება მოხდება, როგორც დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრში წარსადგენი სტატისტიკური ანგარიშგებისთვის, ასევე ანტენატალური მეთვალყურეობის სახელმწიფო პროგრამისა და მაღალი რისკის ორსულთა, მშობიარეთა და მელოგინეთა სტაციონარული სამედიცინო მომსახურების კომპონენტებში. ახალი ელექტრონული სისტემის დანერგვაში საქართველოს ეხმარება ნორვეგიის ტრომსოს უნივერსიტეტი, რომელიც ასევე აქტიურად ჩაერთვება მოდულის დანერგვის პროცესშიც.