„წინა ხელისუფლების დროს დავით დვალს „რუსთავი 2“- ის კუთვნილი წილი წაართვეს“
„რუსთავი 2“- ის ერთ-ერთ დროებით მმართველად დავით დვალის დანიშვნის საკითხს, საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ანი მიროტაძე პორტალ „კვირას“ პრესკლუბში გამოეხმაურა. მიროტაძის განცხადებით, დვალი დამოუკიდებელი მმართველი ვერ იქნება, რადგან ის თავის დროზე ამ არხის მფლობელი იყო და მის წილზე პრეტენზიები დღესაც აქვს.
დეპუტატის განცხადებით, წინა ხელისუფლების დროს დვალს მუქარის შედეგად, „რუსთავი 2“- ის კუთვნილი წილი დაათმობინეს.
„ ჩვენ, ჟურნალისტებს ძალიან კარგად გვახსოვს ისიც, რომ თავის დროზე გაურკვეველ ვითარებაში, სრულიად ბუნდოვნად დავით დვალს თავის წილი წაართვეს. სხვა საკითხია, მაშინ რატომ არ გაასაჩივრა? ან თუ გაასაჩივრა, რა პასუხი მიიღო, იყო თუ არა მასზე ზეწოლა? გაბედა თუ ვერ გაბედა დვალმა,მაგრამ ფაქტია, რომ „რუსთავი 2“ მთელი თავისი ბიოგრაფიით დაკავშირებულია დავით დვალთან და ის ვერ იქნება მიუკერძოებელი პირი. მე მიმაჩნია, რომ თავის დროზე მის მიმართ უსამართლობას ჰქონდა ადგილი, სწორედ წინა ხელისუფლების თავგასულობის გამო, ალბათ მუქარის შედეგად, მას წილი დაათმობინეს. პროცესს ართულებს ის, რომ „რუსთავი 2“- ის ერთ-ერთი ძირითადი დამაარსებელი, ეროსი კიწმარიშვილი ცოცხალი აღარ არის, მაგრამ ჩვენ სიმართლის დადგენას მოვახერხებთ. ყველას მოვუწოდებ, თქვას, რა ხდებოდა „რუსთავი 2“- თან დაკავშირებით მთელი ამ დროის განმავლობაში. ამის გარეშე ჩვენ სიმართლეს ვერ ვიპოვით“,- განაცხადა ანი მიროტაძემ.