გიორგი ლაფერაშვილი კოლეგებს საყვედურობს – რატომ იყო ღამის 2 საათზე მხოლოდ „რუსთავი 2“-ის პირდაპირი ჩართვის აპარატი
არ შემიძლია წუხილით არ აღვნიშნო ის, რომ ახლა მხოლოდ პირდაპირი ჩართვის ერთ შნურს ვხედავ და ისიც „რუსთავი 2“-ს ეკუთვნის“,- ამის შესახებ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის საინფორმაციო გამოშვების ხელმძღვანელმა, გიორგი ლაფერაშვილმა განაცხადა.
ლაფერაშვილმა ტელეკომპანიაში გამართულ საგანგებო ბრიფინგზე კოლეგებს მოუწოდა, ჰკითხონ თავიანთ რედაქტორებს, რატომ არ გაუშვეს ეთერში “რუსთავი 2”-ის სპეციალური ბრიფინგი.
„მე სპეციალურად გადავამოწმე ყველა სხვა არხი. არცერთ სხვა არხს ეს ამბავი ჯერ არ მოუყოლია. საქართველოში, სადაც არ არის „რუსთავი 2“ იმ ფორმით, როგორც არის ახლა, მოსამართლე ურთმელიძემ განჩინება დაწერა და ის უკვე დარეგისტრირებულია რეესტრში. საქართველოში, სადაც არ არის „რუსთავი 2“ იმ ფორმით, რა ფორმითაც არის ახლა, ჯერ კიდევ არ იციან, რომ სანდრო ეულის 5 ა-სთან დგანან სხვადასხვა პოლიტიკური ძალების წარმომადგენლები, თითქმის ყველა პასუხისმგებლობის მქონე არასამთავრობო ორგანიზაციის პირველი პირები და ისინი აპროტესტებენ ერთს, ისინი აპროტესტებენ კონსტიტუციის დარღვევას ამ ქვეყანაში.
მე მინდა გთხოვოთ, თქვენ, კოლეგებო, თქვენს მეგობრებს და ჩემს მეგობრებს, სამსახურში დაბრუნების შემდეგ, აუცილებლად ჰკითხოთ თქვენს მთავარ რედაქტორებს, ასევე ჩემს მეგობრებს, რატომ იყო ღამის 2 საათზე პირდაპირი ჩართვის მხოლოდ ერთი აპარატი, ისიც „რუსთავი 2“-ის. მე მახსოვს 2007 წელს რა გახდა ტელეკომპანია „იმედში“ შეჭრის საფუძველი. ეს იყო ერთი ჟურნალისტის პირდაირი ჩართვა. იურიდიულად ეს ამბავი ასე გაფორმდა. ამას არავინ არ ვეთანხმებოდით.
მე მინდა ვთხოვო იმ არასამთავრობო ორგანიზაციებს, რომლებიც მუშაობენ მედია მონიტორინგის თემაზე, ასევე მინდა ვთხოვო გაეროს და ეუთოს ერთობლივ პროექტს, წინაასარჩევნო მედიამონიტორინგს რომელიც ახორციელებს, დაიწყოს დღევანდელი ეთერით, დეტალურად შეისწავლოს, რაც ამ ეთერით სამაუწყებლო კომპანიის თანამშრომლების მიერ არის ნათქვამი და თუ ისინი აღმოაჩნენენ ერთ გადაცდომას მაინც, მიიღოს ხელისუფლებამ შესაბამისი ზომები“,- განაცხადა გიორგი ლაფერაშვილმა.