ბიზნესმენ ქიბარ ხალვაშის ადვოკატის, პაატა სალიას განცხადებით მოსამართლე თამაზ ურთმელიძის განჩინება საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას არ ეწინააღმდეგება.
ადვოკატი განმარტავს, რომ საკონსტიტუციო სასამართლომ აბსოლუტურად სხვა რამ, პირველი ინსტანციის შემდეგ დაუყონებლივი აღასრულების გადაწყვეტილებები შეაჩერა.
“ეს არის გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფის ღონისძიება, რომელიც მოქმედებს. ეს ნორმა არავის შეუჩერებია. ჩვენ დროებითი მმართველის დანიშვნა მოვითხოვეთ, რომელიც აბსოლუტურად სხვა ნორმით რეგულირდება. 195-ე მუხლი ამბობს, სასამართლოს განჩინების აღსრულება სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ დაუყონებლივ ხორციელდება. ეს ნორმა მოქმედებს და ძალაშია. უბრალოდ იურისტებმა, სანამ კომენტარებს გააკეთებენ და იტყვიან, რომ კონსტიტუციას ეწინააღმდეგება, უკეთესად უნდა წაიკითხონ, რადგან ეს განჩინება არ ეწინააღმდეგება იმ აკრძალვას რომელიც დააწესა საკონსტიტუციო სასამართლომ.
ჩვენი მოთხოვნა აბსოლუტურად ლეგიტიმური იყო და განჩინებაც აბსოლუტურად სწორია. საკონსტიტუციო სასამართლოს არც 271-ე და არც 195-ე მუხლი შეუჩერებია. საკონსტიტუციო სასამართლომ შეაჩერა 168-ე მუხლის პირველლი ნაწილის ზ) -პუნქტი. ანუ, ჩვენ თუ პირველი ინსტანციის სასამართლოს მერე ქიბარ ხალვაშის სახელზე წილების რეესტრში დარეგისტრირებას მოვითხოვდით, მაგრამ ჩვენ არც ვაპირებდით ამის მოთხოვნას დავის დამთავრებამდე.
ჩვენ არ ვაპირებთ არანაირ დაპირისპირებას. ეს არის სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელსაც უნდა დაემორჩილოს გენერალური დირექტორი და ფინანსური დირექტორი. მათ შეუჩერდათ უფლებამოსილება. დანარჩენს ეს არ შეხებია. ჟურნალისტებს ეს არ ეხება. მოდის მმართველი და მიდის ჩვეულებრივი მუშაობა. ხვალ, რეზო საყევარიშვილი და დავით დვალი ოფიციალურ განცხადებას გაავრცელებენ. ისინი ოფიცილურად იტყვიან რას აპირებენ. მე მათ მაგივრად ვერ ვილაპარაკებ. ისინი სასამართლოს მიერ არის დანიშნული და დამოუკიდებლად მიიღებენ გადაწყვეტილებას”, – განაცხადა სალიამ.
კითხვაზე თუ რატომ მოითხოვა მოსარჩელე მხარემ დროებითი მმამრთველის დანიშვნა, ქიბარ ხალვაშის ადვოკატი აცხადებს,რომ ეს განჩინებაში წერია.
“ჩვენ მოვითხოვეთ 271-ე მუხლის შესაბამისად გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფა და არა დაუყონებლივი აღსრულება”, – აღნიშნა ადვოკატმა.
წყარო: “აიპრესი”
კომენტარები
კომენტარი