ნიკა გვარამია საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართავს – “იმოქმედეთ სწრაფად და ეფექტურად”
ძვირფასო მოსამართლეებო, თქვენ უნდა გადაარჩინოთ არა მხოლოდ სასამართლო სისტემა, არამედ ის, რაც ზუსტად ვიცი, რომ თქვენთვის მნიშვნელოვანია – საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაცია და მისი უსაფრთხო მომავალი, – ასე მიმართავს ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეებს.
როგორც გვარამიამ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა, “რუსთავი 2” საკონსტიტუციო სასამართლოს ხვალ დილით, კიდევ ერთხელ მიმართავს. მანვე მოსამართლეებს სწრაფი და ეფექტური ქმედებებისკენ მოუწოდა.
“რაც შეეხება საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს, ხაზგასმით ვიმეორებ კიდევ ერთხელ: ეს არის ერთადერთი ფუნქციონირებადი დემოკრატიული ინსტიტუცია საქართველოში. ჩვენ მას მივმართავთ კიდევ ერთხელ. უკვე გასაჩივრებული გვაქვს რამდენიმე მუხლი და უკვე გასაჩივრდა, ხვალ უკვე დილიდან წარედგინება ამ კონკრეტული მუხლის შესახებ კონსტიტუციური სარჩელიც. ძვირფასო მოსამართლეებო, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოდან, თქვენ უნდა გადაარჩინოთ არა მხოლოდ სასამართლო სისტემა, არამედ ის, რაც ზუსტად ვიცი, რომ თქვენთვის მნიშვნელოვანია – საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაცია და მისი უსაფრთხო მომავალი. სასწორზეა ქვეყნის მომავალი და არა “რუსთავი 2″. ძალიან გთხოვთ, ყველა ჩვენი მაყურებლის, ყველა ჩვენი თანამშრომლის, აქ შეკრებილი ადამიანების სახელით – იმოქმედეთ სწრაფად და ეფექტურად. იმოქმედეთ იმიტომ, რომ გადარჩეს ქვეყანა”, – განაცხადა ნიკა გვარამიამ.