ზაალ უდუმაშვილი: სულ სხვა „კურიერს“ შეხედავთ თქვენ ყოველ საღამოს
„რუსთავი 2“ ის საინფორმაციოს წამყვანმა ზაალ უდუმაშვილმა სპეციალურ ბრიფინგზე საზოგადოებას მიმართა და იმ საფრთხეებზე ესაუბრა, რაც მისი თქმით, შესაძლოა “რუსთავი 2”-ის წინაშე დადგეს. მოსამართლე ურთმელიძის გადაწყვეტილება ტელეწამყვანმა დემოკრატიის გარდაცვალებად შეაფასა. მისი თქმით, არსებობს რეალური საფრთხე იმისა, რომ “რუსთავი 2” თანამშრომლებისგან დაიცალოს და არხზე სულ სხვა სარედაქციო პოლიტიკა გატარდეს.
„მე მინდა მივულოცო საქართველოს მთავრობას და მივუსამძიმრო საქართველოს მოსახლეობას ახალგაზრდა ქართული დემოკრატიის გარდაცვალება. დღევანდელი გადაწყვეტილება ეს არის განაჩენი, რომელიც ხელისუფლებამ საქართველოს გამოუტანა. დღეს მოსამართლე ურთმელიძე კონსტიტუციაზე მაღლა დადგა და ერთი ხელის მოწერით დამარხა ქართული სასამართლო. აქ არ არის საუბარი “რუსთავი 2”-ის და მისი თანამშრომლების მომავალზე, აქ საუბარია ქვეყნის მომავალზე. წარმოიდგინეთ, რომ რამდენიმე საათში ან რამდენიმე დღეში “რუსთავი 2” შეიძლება გაითიშოს. ვგულისხმობ იმას, რომ ის შეიძლება დაიცალოს ხალხისგან, აქ მოვიდეს სულ სხვა ხალხი, სულ სხვა სარედაქციო პოლიტიკით და სულ სხვა „კურიერს“ შეხედავთ თქვენ ყოველ საღამოს. ამ ხალხმა, ვინც ახლა აქ დგას და ყველამ ვინც აქ მუშაობს, თავის მხრებზე მოიტანა ეს არხი დღემდე. ძალიან ხშირად საკუთარი სიცოცხლის ფასად იბრძოდნენ ისინი მიკროფონით და კამერით ხელში იმისათვის, რომ თქვენთვის ყოველდღურად ის ინფორმაცია გადმოეცათ, რომელიც ყველაზე ობიექტური იყო. ეს შეიძლება აღარ იყოს. რამდენიმე თვის წინ ვერაფრით წაარმოვიდგენდი, რომ დედის ნაჩუქარი ნაჯახით ადამიანი ადგებოდა და მოცელავდა საქართველოში ყველაზე რეიტინგულ ტელეკომპანიას, მაგრამ მიუხედავად ამისა, ჩვენ განვაგრძობთ მუშაობას. ვიმუშავებთ ბოლო წვეთამდე, ბოლო საათამდე, ვიდრე გვექნება საშუალება რომ ეთერში ვიყოთ. პირობას ვიძლევი რომ ჩვენ კიდევ დიდხანს ვაპირებთ აქ მუშაბას“, – აღნიშნა ზაალ უდუმაშვილმა.