ნიკა გვარამია: დიახ, ეს არის სახელმწიფო გადატრიალება

სახელმწიფო კაბინეტებში არა მხოლოდ სასამართლოში, არამედ იუსტიციის სამინისტროშიც, კონკრეტულად, იუსტიციის მინისტრის, წულუკიანის კაბინეტში, იწერება ამ ტიპის გადაწყვეტილებები, – ამის შესახებ ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ის გენერალურმა დირექტორმა, ნიკა გვარამიამ ტელეკომპანიაში გამართულ საგანგებო ბრიფინგზე აღნიშნა.
როგორც გვარამიამ განაცხადა, მოსამართლე თამაზ ურთმელიძის მიერ მიღებული განჩინება ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ის საქმეზე, სახელმწიფო შეთქმულებაა, რომელშიც სახელმწიფო პირები მონაწილეობენ.
“დღეს სახელმწიფო კაბინეტებში არა მხოლოდ სასამართლოში, არამედ იუსტიციის სამინისტროშიც, კონკრეტულად, იუსტიციის მინისტრის, წულუკიანის კაბინეტში, იწერება ამ ტიპის გადაწყვეტილებები. ეს არ არის მოსამართლე ურთმელიძის მიერ დაწერილი გადაწყვეტილება, ქ-ნი წულუკიანი აუცილებლად პასუხს აგებს სახელმწიფო შეთქმულებაში მონაწილეობისთვის. დღეს სახელმწიფო კაბინეტებში იგეგმება და გამალებით იწერება სცენარი, თუ როგორ უნდა ჩაიგდონ, დღეს, 2015 წლის ნოემბერში ხელისუფლება ხელში იმ ადამიანებმა, ვინც ამ ხელისუფლებას აუცილებლად დაკარგავს დემოკრატიული არჩევნების შემთხვევაში, 2016 წელს. ხაზგასმით ვამბობ: დიახ, ეს არის სახელმწიფო გადატრიალება. დიახ! ამ ადამიანებმა პასუხი უნდა აგონ კანონის მთელი სიმკაცრით”, – განაცხადა ნიკა გვარამიამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები