ნიკა გვარამია: ამ გადაწყვეტილებით, საქართველოს საერთო სასამართლო სისტემამ ევროატლანტიკური ინტეგრაციის პერსპექტივა მოკლა
საქართველომ დაასრულა არა მხოლოდ სიტყვის თავისუფლება, საქართველომ დაასრულა არა მხოლოდ დემოკრატია, საქართველოს საერთო სასამართლო სისტემამ ბიძინა ივანიშვილის დაკვეთით მოკლა საქართველოს ევროატლანტიკური პერსპექტივა, – ასე გამოეხმაურა ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ის გენერალური დირექტორი, ნიკა გვარამია მოსამართლე თამაზ ურთმელიძის განჩინებას ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ის საქმეზე.
როგორც ნიკა გვარამიამ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა, აღნიშნული გადაწყვეტილებით, საქართველოს ევროინტეგრაციის არანაირი შესაძლებლობა აღარ გააჩნია.
“მე ხელში მიჭირავს ერთ საათში დაწერილი 17-გვერდიანი განჩინება მოსამართლედ წოდებული ზონდერის, თამაზ ურთმელიძის. თქვენ არ მოგიწევთ 17-ვე გვერდის წაკითხვა, ამ განჩინებას აქვს სულ ორსიტყვიანი შინაარსი: დიქტატურა დამყარდა. საქართველო იმყოფება ჭკუიდამ გადამცდარი, რუსი ოლიგარქის ბიძინა ივანიშვილის დიქტატურის ქვეშ. ამ გადაწყვეტილებით, მოსამართლე ურთმელიძემ და მთლიანად საქართველოს საერთო სასამართლო სისტემამ, საქართველოში დაასრულა ის მინიმალური დემოკრატიის ნიშნებიც კი, რომელიც ამ ქვეყანას ჰქონდა. საქართველომ დაასრულა არა მხოლოდ სიტყვის თავისუფლება, საქართველომ დაასრულა არა მხოლოდ დემოკრატია, საქართველოს საერთო სასამართლო სისტემამ ბიძინა ივანიშვილის დაკვეთით მოკლა საქართველოს ევროატლანტიკური პერსპექტივა. სრულიად გამორიცხული გახდა ნებისმიერ შესაძლებლობა ჩვენი ინტეგრაციული პროცესებისა”, – განაცხადა ნიკა გვარამიამ.