“რუსთავი 2”-ის ადვოკატი: ახლა უნდა ველოდოთ რევაზ საყევარიშვილის გამოჩენას “რუსთავი 2”-ში

„აბსოლუტურად ყველა პირს, ვისაც აქვს “რუსთავი 2”-ის წარმომადგენლობითი უფლებამოსილება, მათ შორის მინდობილ პირებს, მაგალითად, კომპანიის იურისტებს, ადვოკატებს, რეალურად, შეგვიწყდა უფლებამოსილება და ერთადერთი პირი, ვისაც ამ განჩინების თეორიულად გასაჩივრების უფლება შეუძლია, იქნება დროებითი მმართველი, რევაზ საყევარიშვილი“, – ამის შესახებ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ადვოკატმა დიმიტრი საძაგლიშვილმა “რუსთავი 2”-ის ეთერში განაცხადა.
როგორც ადვოკატმა აღნიშნა, „რუსთავი 2“-ის წარმომადგენლები ახლა ტელეკომპანიაში დროებითი მმართველის რევაზ საყევარიშვილის მისვლას უნდა დაელოდონ.
„ამ განჩინებაში წერია, რომ დაუყონებლივ უნდა აღსრულდეს ეს განჩინება და “რუსთავი 2”-ს აქვს გასაჩივრების უფლება. თუმცა, საინტერესოა ის, რომ აბსოლუტურად ყველა პირს, ვისაც აქვს “რუსთავი 2”-ის წარმომადგენლობითი უფლებამოსილება, მათ შორის მინდობილ პირებს, მაგალითად, კომპანიის იურისტებს, ადვოკატებს, რეალურად, შგვიწყდა უფლებამოსილება და ერთადერთი პირი, ვისაც ამ განჩინების თეორიულად გასაჩივრების უფლება შეუძლია, იქნება დროებითი მმართველი, რევაზ საყევარიშვილი.
ცხადია, მათ არანაირი სურვილი არ ექნებათ ამის გასაჩივრების. ჩვენ ახლა უნდა ველოდოთ რევაზ საყევარიშვილის გამოჩენას “რუსთავი 2”-ში. არ ვიცი რა ფორმით და როდის აპირებენ მოსვლას. რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, რეესტრმა უკვე დაარეგისტრირა ეს განჩინება, რაც იმას ნიშნავს, რომ იურიდიულად, რევაზ საყევარიშვილი უკვე რეგისტრირებულია. თუმცა, ეს არ არის გადამოწმებული ინფორმაცია“,-აღნიშნა საძაგლიშვილმა.
შეგახსენებთ, რომ ტელეკომპანია “რუსთავი 2″–ის მოსამართლე თამაზ ურთმელიძის გადაწყვეტილებით, ტელევიზიის დროებით მმართველად რევაზ საყევარიშვილი დაინიშნა, არხის მოქმედ მენეჯმენტს კი უფლებამოსილება შეუჩერდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები