“რუსთავი 2”-ის ადვოკატი: ყველას, ვისაც შეეძლო განჩინების გასაჩივრება, უფლებამოსილება აქვს შეწყვეტილი
რაც შეეხება შესაძლებლობებს, არანაირი შესაძლებლობა არ გვაქვს, რადგან ყველა პირს, ვისაც შეეძლო რაიმე მოქმედების განხორციელება “რუსთავი 2”-ის სახელით, აქვს შეწყვეტილი უფლებამოსილება, – ამის შესახებ ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ის ადვოკატმა დიმიტრი საძაგლიშვილმა ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ის ეთერში განაცხადა.
როგორც ადვოკატი აღნიშნავს, სასამართლოს მიერ გამოტანილი განჩინების მიხედვით, გასაჩივრების უფლება ისევ და ისევ ქიბარ ხალვაშსა და პაატა სალიას აქვთ.
“უნდა გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში, ისევ მოსამართლედ წოდებულ თამაზ ურთმელიძესთან. რაც შეეხება შესაძლებლობებს, არანაირი შესაძლებლობა არ გვაქვს, რადგან ყველა პირს, ვისაც შეეძლო რაიმე მოქმედების განხორციელება “რუსთავი 2″-ის სახელით, აქვს შეწყვეტილი უფლებამოსილება. ანუ გამოდის, რომ პაატა სალიას და ქიბარ ხალვაშის მოთხოვნის საფუძველზე მიღებული განჩინების გასაჩივრება, ისევ და ისევ ქიბარ ხალვაშს და პაატა სალიას შეუძლიათ. რაც, დამეთანხმებით, რომ არის სრული აბსურდი და გაუგონარი რამ”, – განაცხადა დიმიტრი საძაგლიშვილმა.