სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს პენიტენციურ დეპარტამენტს ახალი ხელმძღვანელი ჰყავს
სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრმა კახა კახიშვილმა პენიტენციური დეპარტამენტის ხელძღვანელის თანამდებობაზე ზვიად მიხანაშვილი დანიშნა. ახალი პოსტის დაკავებამდე ზვიად მიხანაშვილი სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროში ანალიტიკური დეპარტამენტის ხელმძღვანელის თანამდებობას იკავებდა.
მინისტრის განცხადებით, კანდიდატურის განხილვისას მთავარი კრიტერიუმი ზვიად მიხანაშვილის კვალიფიციურობა გახდა. კახა კახიშვილის თქმით, მიხანაშვილს საერთაშორისო ორგანიზაციებთან ურთიერთობისა და ადამიანის უფლებების დაცვის საკითხებზე მუშაობის დიდი გამოცდილება აქვს.
ზვიად მიხანაშვილი აცხადებს, რომ მზად არის პასუხისმგებლობით მოეკიდოს დაკისრებულ მოვალეობას.
„აქცენტს ადამიანის უფლებების დაცვაზე გავაკეთებთ და კიდევ უფრო გავაუმჯობესებთ დაწესებულებებში არსებულ ინფრასტრუქტურას. ასევე დიდი ყურადღება დაეთმობა რესოციალიზაცია-რეაბილიტაციას და პატიმრების საზოგადოებაში ჯანსაღ დაბრუნებას“, – განაცხადა ზვიად მიხანაშვილმა.