ეკა მიშველაძე “საზოგადოებრივი მაუწყებლის” ეთერში ახალი ტოქშოუთი დაბრუნდება
მიმდინარე წლის იანვრიდან “საზოგადოებრივ მაუწყებელზე” ჟურნალისტი ეკა მიშველაძე საზოგადოებრივ-პოლიტიკურ ტოქშოუს წაიყვანს. ამის შესახებ “კვირას” თავად ჟურნალისტმა განუცხადა და დასძინა, რომ აღნიშნული შეთავაზება მაუწყებლის გენერალური დირექტორისგან მიიღო.
მისი თქმით, გადაცემის დეტალებზე საუბარი გუშინ ჰქონდათ, თუმცა როგორც მიშველაძემ აღნიშნა, ბევრი დეტალია დასაზუსტებელი.
“მე “საზოგადოებრივი მაუწყებლიდან” არც წავსულვარ, უბრალოდ დაიხურა გადაცემა “პირველი სტუდია”, მაგრამ გუშინ მქონდა შეხვედრა გენერალურ დირექტორთან. ჩვენ ვიმსჯელეთ და გადავწყვიტეთ, რომ იანვრიდან ეთერში გავიდეს ახალი გადაცემა ანალიტიკური ტოქშოუ, სადაც საზოგადოებრივ- პოლიტიკურ თემებზე იქნება მსჯელობა”,- განაცხადა მიშველაძემ.
საზოგადოებრივ-პოლიტიკური ტოქშოუ მაუწყებლის არხზე კვირაში ერთხელ გავა. როგორც ეკა მიშველაძე აცხადებს, მოხარულია, რომ “საზოგადოებრივი მაუწყებელი” თავისი სტანდარტების ერთგული რჩება.