„მე არ ვიქნები უმართავი მთავარი პროკურორი, თუმცა, არც მართვადი მარიონეტი ვიქნები“
მთავარი პროკურორობის კანდიდატი პაატა შავაძე ფიქრობს, რომ არჩევის შემთხვევაში ის უმართავი პროკურორი არ იქნება, თუმცა არც მართვადი მარიონეტი იქნება. როგორც შავაძემ პორტალ „კვირას“ პრესკლუბში აღნიშნა, მისთვის პრიორიტეტს სამართლიანობის აღდგენა წარმოადგენს.
„ყველაფერს, რასაც პროკურორად არჩევის შემთხვევაში გავაკეთებ, საქართველოს იუსტიციის მინისტრთან და ხელისუფლებასთან მჭიდრო კავშირში და კონტაქტში იქნება, ამიტომ, რა თქმა უნდა, მე არ ვიქნები უმართავი მთავარი პროკურორი, თუმცა – არც მართვადი მარიონეტი. ჩემი მთავარი პრიორიტეტი სამართლიანობის აღდგენაა. საზოგადოების უმთავრესი დაკვეთა ხელისუფლებისადმი სწორედ სამართლიანობის აღდგენა გახლავთ. სამართლიანობის აღდგენა მე ასე წარმომიდგენია, პირველ რიგში, ის გახმაურებული საქმეები, რაც დღემდე პრობლემად რჩება, 6 თვეში გაიხსნება და ლოგიკურ კონდიციამდე მივა.
მეორე, რასაც მე სამართლიანობის აღდგენაში ვგულისხმობ, ესაა წლების განმავლობაში დაგროვილი მოქალაქეების განცხადება, საჩივრების განხილვა და მათზე გადაწყვეტილების მიღება. სამართლიანობის აღდგენაში მე ასევე ვგულისხმობ უკანონოდ ჩამორთმეული ქონების საკითხს. მე ვფიქრობ, რომ ამ კუთხით შექმნილი დეპარტამენტის მუშაობა სუსტია“,- განაცხადა პაატა შავაძემ.
პაატა შავაძის თქმით, ის სრულიად ახლებური პროკურატურის ჩამოყალიბებას გეგმავს, ამიტომაც არ გამორიცხავს, რომ მკაცრი საკადრო პოლიტიკა გაატაროს.