სააკაშვილი უკრაინის პრემიერის პოსტის დაკავებას არ გამორიცხავს

ოდესის გუბერნატორი მიხეილ სააკაშვილი არ გამორიცხავს უკრაინის პრემიერ-მინისტრის სავარძლის დაკავებას. ამის შესახებ მან გამოცემა Politico-სთან ინტერვიუში განაცხადა. ჟურნალისტის კითხვაზე, მზად არის თუ არა ის პრემიერის კამპანიის დასაწყებად, სააკაშვილმა უპასუხა, რომ „მზად არის, მონაწილეობა მიიღოს დიდ ცვლილებებში და რეფორმებში და ეს ნებისმიერ თანამდებობაზე გააკეთოს“.
ამასთანავე, ექსპრეზიდენტმა განაცხადა, რომ ამ სამსახურზე ის „არ ოცნებობს“.
„ეს არ არის სამსახური, რომელზეც მე ვოცნებობ. მე პარტიულ სიაში რაიმე ადგილის დაკავებაზე უარი ვთქვი, არ მსურს ოლიგარქებთან რამე საერთო მქონდეს. მინდა რეფორმების მედროშე ვიყო“, – განაცხადა სააკაშვილმა.
სააკაშვილმა ასევე უკრაინის პრემიერ-მინისტრი არსენ იაცენიუკი გააკრიტიკა, ვინაიდან მისმა პარტიამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობაზე უარი განაცხადა. ეს კი იაცენიუკის „სახალხო ფრონტის“ ძალზე დაბალი რეიტინგით იყო გამოწვეული.
„ეს არ არის ნორმალური, როდესაც პრემიერ-მინისტრის პარტია ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში არ მონაწილეობს. თუ არ გსურთ თქვენი პოპულარობის დონის შემოწმება, არა მგონია, რომ რეფორმების ჩატარებაზე მანდატი გქონდეთ“, – განაცხადა ოდესის გუბერნატორმა.
სააკაშვილი არსენ იაცენიუკს ადრეც აკრიტიკებდა, ძირითადად, კორუფციის და რეფორმების გაჭიანურების გამო. ამის საპასუხოდ კი უკრაინის პრემიერმა განაცხადა, რომ თუ სააკაშვილი ასეთი წარმატებული რეფორმატორია, მაშინ რატომ ვერ ბრუნდება ის საქართველოში?

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები