ლაშა აბაშიძე კონსორციუმის გერმანელ წარმომადგენლებს შეხვდა
თბილისის ვიცე-მერი ლაშა აბაშიძე დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის განახლება-შემუშავებასთან დაკავშირებით გამოცხადებულ კონკურსში გამარჯვებული კონსორციუმის („სითი ინსტიტუტი საქართველო“, „AS&P – Albert Speer & Partner GmbH“, „Atelier Alfred Peter Paysagiste“, „DR. BRENNER INGENIEURGESELLSCHAFT MBH“) გერმანელ წარმომადგენლებს შეხვდა.
თბილისის მერიის ინფორმაციით, საერთაშორისო კონსორციუმის წევრებმა ვიცე-მერს ის ძირითადი პრინციპები და ხედვა გააცნეს, რაც, სამომავლოდ, თბილისის მიწათსარგებლობის გენერალურ გეგმაში გაიწერება. შეხვედრაზე გადაწყდა, რომ სამ თვეში ერთხელ, კონსორციუმის წევრები დედაქალაქის მერიაში თბილისის გენერალური გეგმის შესახებ შუალედურ ანგარიშებს წარადგენენ. ლაშა აბაშიძეს თქმით, გერმანულ მხარესთან თანამშრომლობა ძალიან მნიშვნელოვანია.
„შევხვდით გამარჯვებული კონსორციუმის გერმანელ წარმომადგენლებს, ვისაუბრეთ დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის შესახებ. გერმანულმა მხარემ გენერალურ გეგმასთან დაკავშირებით საკუთარი ხედვა გაგვაცნო, ასევე, შევთანხმდით, რომ სამ თვეში ერთხელ, მოგვაწვდიან ინფორმაციას და დასკვნებს შუალედური ანგარიშების სახით. ეს ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, გამომდინარე იქიდან, რომ გვეცოდინება, თუ რა ეტაპზე იქნება გენერალური გეგმა, საბოლოოდ საუკეთესო შედეგის მისაღწევად“,- განაცხადა ვიცე-მერმა ლაშა აბაშიძემ.
უწყებიც ცნობით, კონკურსში გამარჯვებულმა გუნდმა თბილისის მერიას ხელშეკრულების გაფორმებიდან, არაუგვიანეს 18 თვეში, სრულყოფილი მიწათსარგებლობის გენერალური გეგმა უნდა წარუდგინოს. განახლებული გეგმა განვითარების ახალ გამოწვევებსა და პრიორიტეტებზე იქნება ორიენტირებული.