კახა მიქაია: უკრაინაში არსებობენ გარკვეული ძალები, რომელთაც მოსმენებზე ხელი მიუწვდებათ

არასამთავრობო ორგანიზაცია “დაიცავი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის კახა მიქაიას განცხადებით, უკრაინაში არსებობენ გარკვეული ძალები, რომელთაც მოსმენებზე ხელი მიუწვდებათ. აღნიშნული განცხადება მან დღეს გავრცელებული მორიგი აუდიოჩანაწერის შეფასებისას გააკეთა. როგორც “კვირასთან” საუბრისას მიქაიამ აღნიშნა, აუდიოჩანაწერებიდან კარგად ჩანს, რომ “ნაციონალური მოძრაობა” ფაფხურობს და მათ არანაირი რევოლუციისა და სამოქალაქო გადატრიალების არანაირი ძალა აღარ აქვთ. მისივე თქმით, ხელისუფლებას ძალიან დიდი ყურადღება და სიფხიზლე მართებს, რათა “ნაციონალური მოძრაობის” წევრებისგან რაიმე პროვოკაციას არ ჰქონდეს ადგილი.
“ეს არის ფაფხური „ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან, მათ არავითარი ძალა არ გააჩნიათ, ეს ამ აუდიოჩანაწერებიდანაც ჩანს. უბრალოდ ხელისუფლება ძალიან ფხიზლად უნდა იყოს, რომ რაიმე პროვოკაციაზე არ წავიდნენ, თორემ მათ რომ უკვე ხალხი არ უჭერს მხარს, ეს ისედაც ყველამ იცის. სიფხიზლე ხელისუფლების მხრიდან აუცილებელია. ესენი რევოლუციის მომწყობები რომ არ არიან, ყველა ჩანაწერიდან ჩანს.
მთავარი ის არის, რომ აუცილებლად უნდა დადგეს მათი პასუხისმგებლობის საკითხი და ხელისუფლებამ ბოლომდე გამოიძიოს ყველაფერი”,- განმარტა კახა მიქაიამ.
“დაიცავი საქართველოს” ლიდერი საქართველოს ხელისუფლების მხრიდან აუდიოჩანაწერების გავრცელების ფაქტს კატეგორიულად გამორიცხავს და დასძენს, რომ მიხეილ სააკაშვილს უკრაინასა და მის გარეთ ძალიან ბევრი მტერი ჰყავს.
მისივე თქმით, უკრაინაში არსებობს გარკვეული ძალები, რომელთაც მოსმენებზე ხელი მიუწვდებათ.
“მე არა მგონია, რომ აუდიოჩანაწერების გავრცელება ჩვენი ხელისუფლების მხრიდან ხდება. მიხეილ სააკაშვილს ძალიან ბევრი მტერი ჰყავს უკრაინაში და არა მარტო უკრაინაში. სხვა ქვეყნიდან რომ ხდებოდეს ამის გავრცელება, არ გამოვრიცხავ. უკრაინაში არიან გარკვეული ძალები, ვისთვისაც ხელმისაწვდომია მოსმენები.
“ნაციონალური მოძრაობა” არ არის ისეთი ძლიერი, რომ “რუსთავი 2”-თან ერთად რევოლუცია და გადატრიალება დაგეგმო, თუმცა, ჩანაწერით თუ ვიმსჯელებთ, ჩანს, რომ ისინი მზად არიან სისხლისღვრისთვის. მთავარი არის ერთი რამ, კიდევ ვიმეორებ, ხელისუფლებამ არ დაკარგოს სიფხიზლე და გამოიძიოს, რა ხდება “ნაციონალურ მოძრაობაში”. ეს არის მთავარი. რაც შეეხება იმ პირების დაკავებას, ვინც აუდიოჩანაწერებში ფიგურირებს, ამას გამოძიება გადაწყვეტს”, – განაცხადა კახა მიქაიამ.
მანვე პოლიტიკურ ასპარეზზე “ნაციონალური მოძრაობის არსებობა ტრაგედიად შეაფასა. “ჩემი აზრით, გამოქვეყნებული აუდიოჩანაწერები კარგი მასალაა მეგრული ტრაგედიის დასაწერად. იცით, რომ ციხეში გვიზის კლასიკოსი ბაჩო ახალაია და მას საშუალება აქვს, შექსპირის “რომეო და ჯულიეტას” მოტივებზე მეგრული ტრაგედია შექმნას. დღის სინათლეს შედევრი ალბათ მალე იხილავს”,-აღნიშნა კახა მიქაიამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები