ნუგზარ წიკლაურმა, ე.წ. მოდულის შენობა დატოვა
“ნაციონალური მოძრაობის” დეპუტატმა ნუგზარ წიკლაურმა, თითქმის ორსაათიანი დაკითხვის შემდეგ, ე.წ. მოდულის შენობა დატოვა.
როგორც წიკლაურმა აღნიშნა, დასმულ შეკითხვებზე დეტალურად ვერ ისაუბრებს, რადგან საქმეს, რომელზეც ძიება მიმდინარეობს, გრიფი „საიდუმლო“ ადევს. თუმცა, როგორც წიკლაურმა აღნიშნა, სრული აბსურდი იყო დასმული შეკითხვები.
მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილთან და სხვა ადამიანებთან “რუსთავი 2”-ის დაცვის ორგანიზებასთან დაკავშირებით არაერთხელ უსაუბრია.
რაც შეეხება საუბრის დროს სპეცრაზმელების ხსენებას, ნუგზარ წიკლაური განმარტავს, რომ “რუსთავი 2”-ის მხარდამჭერია ყველა ფენის ადამიანი და არ არის გამორიცხული, რომ მათ შორის იყვნენ ისეთი პირები, რომლებიც ადრე ძალოვან უწყებებში მუშაობდნენ.
ცოტა ხნის წინ ე.წ. მოდულის შენობაში კობა ხაბაზი შევიდა. დღესვე დაჰკითხავენ “ნაციონალური მოძრაობის” კიდევ ერთ ლიდერს, გივი თარგამაძეს, რომელიც მოდულის შენობაში 16.00 საათზეა დაბარებული. დაკითხვაზე ამ დრომდე რჩება “რუსთავი 2“ -ის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია.