მანანა კობახიძე: ამ ჩანაწერებიდან ყურადღებას გავამახვილებდი პირველად გავრცელებულ ჩანაწერებზე, რამდენადაც უტყუარია
უკრაინული საიტის მიერ გავრცელებულ მორიგ აუდიოჩანაწერებს უმრავლესობის წევრი მანანა კობახიძე გამოეხმაურა და იმედი გამოთქვა, რომ საგამოძიებო უწყება აღნიშნულ საქმეს თავს გაართმევს.
“ამ ჩანაწერებიდან მე მაინც ყურადღებას გავამახვილებდი პირველად გავრცელებულ ჩანაწერებზე, რამდენადაც უტყუარია. იქიდან გამომდინარე, რომ თავად მონაწილემ, ბატონმა ნიკა გვარამიამ დაადასტურა ჩანაწერების ავთენტურობა.
ყველა ვალდებულია, ითანამშრომლოს გამოძიებასთან, მათ შორის დეპუტატები. არანაირი იმუნიტეტი არ არსებობს, მოწმედ ვისაც დაიბარებენ, ვალდებულია, გამოცხადდეს და მისცეს ჩვენება.
იმედს ვიტოვებ, რომ ჩვენი საგამოძიებო უწყება თავს გაართმევს ამ რთულ ამოცანას და ყველაფერს თავის სახელს დაარქმევს “,- განაცხადა მანანა კობახიძემ.
უკრაინულმა სააგენტომ კუდის ყოფილი მაღალჩინოსანის დათა ახალაიას და ადვოკატ რომეო საჯაიას აუდიოჩანაწერი გაავრცელა, სადაც ისინი მოქალაქეების მობილიზებაზე და მათ რაოდენობაზე საუბრობენ, კერძოდ, სამეგრელოს მოსახლეობა თბილისში, ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის შენობასთან უნდა ჩამოეყვანათ.