თენგიზ გუნავა, რომელიც ახალ ჩანაწერში ფიგურირებს, კომენტარს აკეთებს – ხალხის აქციებზე ჩამოყვანას ორგანიზებას ვუწევდი

სამეგრელო – ზემო სვანეთის ყოფილი გუბერნატორი და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრი თენგიზ გუნავა „კვირასთან“ საუბრისას უკრაინული მედიის საშუალებით გავრცელებულ მორიგ აუდიოჩანაწერს ეხმაურება, სადაც დათა ახალაია და რომეო საჯაია საქართველოში დესტაბილიზაციისთვის მოსახლეობის ორგანიზებაზე საუბრობენ.
როგორც თენგიზ გუნავა აცხადებს, მისი ორგანიზებით სამეგრელოდან აქციებზე მოსახლეობა პოლიტიკური პარტიის გადაწყვეტილებით ჩამოჰყავდა. თუმცა, ეს არ ემსახურებოდა ქვეყნის დესტაბილიზაციას. თავად თენგიზ გუნავას აუდიოჩანაწერისთვის ჯერ არ მოუსმენია.
„არ ვიცი, რა აუდიოჩანაწერზე საუბრობთ, ვიღაცები რაღაცას ლაპარაკობენ, მე რა კომენტარი უნდა გავაკეთო?! რა ვიცი მე, ეს რა ჩემი საქმეა, იმათ ჰკითხეთ, ვისი ჩანაწერებიც გამოქვეყნდა. რაც შეეხება სამეგრელოდან მოსახლეობის ჩამოყვანას, პოლიტიკური პარტიის წევრი ვარ და რასაც „ნაციონალური მოძრაობა“ და პოლიტიკური პარტია გადაწყვეტდა, ხალხის აქციებზე ჩამოყვანას ორგანიზებას ვუწევდი. ამის პრობლემაა არაა, რაც შეეხება დესტაბილიზაციას, ეს კითხვა აბსოლუტურად აბსურდია. მე, როგორც პარტიის წევრი, როცა პოლიტიკური პარტია აქციების შესახებ გადაწყვეტილებას ღებულობს, ამ უნიათო ხელისუფლების მოშორების თაობაზე, რა თქმა უნდა, ვუწევ დახმარებას. მოშორებაში ვგულისხმობ პოლიტიკურ და კონსტიტუციურ გზას, პოლიტიკური ბრძოლის გზას“, – განაცხადა თენგიზ გუნავამ.
ყოფილი გუბერნატორი ვერ იხსენებს, როდის ნახა ბოლოს რომეო საჯაია. თუმცა, აღნიშნავს, რომ წელს რამდენჯერმე შეხვდა და ტელეფონითაც ესაუბრა. მაგრამ რა საკითხზე ისაუბრეს ერთმანეთთან, რატომღაც ვერ გაიხსენა.
შეგახსენებთ, რომ უკრაინულმა სააგენტომ კუდის ყოფილი მაღალჩინოსანის დათა ახალაიას და ადვოკატ რომეო საჯაიას აუდიოჩანაწერი გაავრცელა, სადაც ისინი მოქალაქეების მობილიზებაზე და მათ რაოდენობაზე საუბრობენ, კერძოდ, სამეგრელოს მოსახლეობა თბილისში, ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის შენობასთან უნდა ჩამოეყვანათ. რომეო საჯაია: „რაც ამაღამ გამზადებული გვყავს, 50 კაცი მაინც არის, მაინც მოდიან დღესვე, სასწრაფოდ ორგანიზებული რაც გვყავს.. თენგო და ისინი გაიღვიძებენ, ამაღამ 50 კაცი წამოვა, სია აქვს იკას, ნუგოს ხალხი დაემატება და ესენი წამოვლენ“.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები