„სატელეფონო საუბრების ჩანაწერებზე გამოძიება შესაძლოა, უკრაინულმა მხარემაც დაიწყოს“
საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გუგული მაღრაძე არ გამორიცხავს, რომ ფარული ჩანაწერები საქართველოდან უკრაინაში იმ პირების მიერ იყოს გატანილი, ვისაც მათზე წინა წლებში ხელმისაწვდომობა ჰქონდა. როგორც დეპუტატმა პორტალ „კვირას“ პრესკლუბში განაცხადა, აღნიშნული პირები შესაძლოა, ამ ჩანაწერებს ფინანსური მიზნებისთვისაც იყენებდნენ და მასალებით დაინტერესებულ პირებზე ყიდდნენ.
„ჩვენ არ გამოვრიცხავთ, რომ გარდა იმისა, რაც გამოქვეყნდა, მომავალშიც შესაძლოა, წამებისა და არაადამიანური მოპყრობის კადრები გამოქვეყნდეს“, -აღნიშნა გუგული მაღრაძემ.
რაც შეეხება სატელეფონო საუბრების ჩანაწერებს, დეპუტატი ვიდეოების მსგავსად ამ შემთხვევაშიც არ გამორიცხავს, რომ რაიმე ჩანაწერი კიდევ არსებობდეს, თუმცა, მაღრაძის განცხადებით, საუბრების გამოქვეყნების შემდეგ საუბრის მნაწილე პირები, სავარაუდოდ, გაფრთხილდებიან და ამისთვის ტელეფონს ნაკლებად გამოიყენებენ.
„ შეიძლება ეს პირები მოლაპარაკებში იყვნენ ერთმანეთთან, რომ არეულობა მოამზადონ ქვეყანაში, მაგრამ ჩანაწერების გამოქვეყნების შემდეგ შესაძლოა, გაფრთხილდნენ და სატელეფონო საუბრები ამისთვის ნაკლებად გამოიყენონ. გამოძიება საქართველოში დაიწყო, მაგრამ რადგან ეს უკრაინულ საიტზე გამოქვეყნდა, შესაძლოა, საქმეზე მოკვლევა უკრაინულმა მხარემაც დაიწყოს“,- განაცხადა გუგული მაღრაძემ.