ბიძინა გიორგობიანი პოსტის დატოვებასთან დაკავშირებით “კვირასთან” პირველ კომენტარს აკეთებს

ბიძინა გიორგობიანი თბილისის მერიის ეკოლოგიისა და გამწვანების სამსახურის ხელმძღვანელის პოსტის დატოვებასთან დაკავშირებით „კვირასთან“ პირველ კომენტარს აკეთებს.
გიორგობიანის თქმით, მერიის ეკოლოგიისა და გამწვანების სამსახურის ხელმძღვანელის თანამდებობიდან წასვლა მისი სურვილიც იყო და გადაწყვეტილება მერთან შეთანხმებით მიიღო.
მისივე თქმით, მას აქვს პირადი გეგმები, რომელთა განხორციელებაც დიდ დროსა და ენერგიას მოითხოვს და სწორედ ამ გეგმების განხორციელებას შეუდგება მერიიდან წასვლის შემდეგ.
“ეს გადაწყვეტილება მივიღეთ ერთობლივად, ჩემი სურვილიც იყო, რომ ეს თანამდებობა დამეტოვებინა, ვფიქრობ, ბევრი რამე გაკეთდა, მილიონი ხის დარგვის მიმართულებით შემუშავებულია სტრატეგიის დოკუმენტი და მისი განხორციელების პროგრამაც, ასევე სხვადასხვა მომწესრიგებელი აქტები.
დაწყებულია მასობრივი განაშენიანება თბილისის გარშემო და თბილისის ქუჩებში. უკვე დარგულია 2011 ათასი ძირი ხე და ეს პროცესი გაგრძელდება მომავალშიც. რაც შეეხება ჩემს სამომავლო გეგმებს – მე როცა საქართველოში  2014 წლის გაზაფხულზე დავბრუნდი, მქონდა ჩემი გეგმები, ამ გეგმების განხორციელება მოითხოვს დიდ დროს და ენერგიას, ახლა ვეცდები ამ გეგმების განხორციელებას შევუდგე, რაც საქართველოში დაბრუნებისას მქონდა“, -განუცხადა “კვირას“ ბიძინა გიორგობიანმა.
რაც შეეხება მერიაში განხორციელებულ კიდევ ერთ ცვლილებას – სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის უფროსის პოსტიდან გიორგი არეშიძის წასვლის ფაქტს, ბიძინა გიორგობიანი გიორგი არეშიძის მიერ აღნიშნულ პოსტზე ყოფნისას გაწეულ საქმიანობას დადებითად აფასებს და აცხადებს, რომ არეშიძე ძალიან ენერგიული და მოტივირებული ახალგაზრდაა.
“ძალიან დადებითად შემიძლია დავახასიათო გიორგი არეშიძე, ის არის მოტივირებული და თავისი საქემის პროფესიონალი ახალგაზრდა. ვისურვებდი, რომ საქართველოს ბევრი ისეთი ახალგაზრდა ჰყავდეს, როგორიც გიორგი არეშიძეა“, – აღნიშნა “კვირასთან“ ბიძინა გიორგობიანმა.
თბილისის მერიაში საკადრო ცვლილებები განხორციელდა. როგორც თბილისის მერმა, დავით ნარმანიამ დედაქალაქის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა, თანამდებობებს ტოვებენ სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის უფროსი გიორგი არეშიძე და ეკოლოგიისა და გამწვანების სამსახურის ხელმძღვანელი ბიძინა გიორგობიანი. დავით ნარმანიამ გიორგი არეშიძეს, ისევე როგორც ბიძინა გიორგობიანს, გაწეული საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა და მომავალ საქმიანობაში წარმატება უსურვა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები