დავით ნარმანია ბოდიშს იხდის
ამ წუთებში დედაქალაქის მერიაში თბილისის მთავრობის სხდომა მიმდინარეობს. თბილისის მერმა დავით ნარმანიამ მთავრობის სხდომაზე გზებზე შეზღუდვებზე ისაუბრა. მან შეზღუდვების გამო კომპანიების ნაცვლად მოსახლეობას ბოდიში მოუხადა. მთავრობის სხდომაზე ასევე ყურადღება გამახვილდა პიკის საათებში დასუფთავების ავტომობილების მოძრაობასთან დაკავშირებით.
დავით ნარმანიას განცხადებით, დილის ცხრის ნახევრიდან თერთმეტის ნახევრამდე და საღამოს ექვსის ნახევრიდან ცხრის ნახევრამდე დასუფთავების მანქანები ვიწრო ქუჩებში აღარ იმუშავებენ.
„კომპანიების ნაცვლად ჩვენ გიხდით ბოდიშს, რომ მათ მიერ გამოწვეული არსებული შეზღუდვები გზებზე იწვევს დისკომფორტს. მეორე საკითხი ეხება მოქალაქეების უკმაყოფილებას პიკის საათებში დასუფთავების ავტომობილების მოძრაობასთან დაკავშირებით.
ჩვენ ბოლო თვეების განმავლობაში ინტენსიურად ვიმუშავეთ და ქალაქის გადატვირთულ უბნებში, სადაც ხშირია საცობები, დასუფთავების ავტომანქანებისთვის სპეციალური მუშაობის რეჟიმი მოვამზადეთ. კერძოდ, ქალაქის ცენტრალურ ნაწილებში, სადაც ვიწროა ქუჩები და ინტენსიურია მოძრაობა, ჩვენ შევიმუშავეთ სპეციალური გრაფიკი. დილას ცხრის ნახევრიდან თერთმეტის ნახევრამდე და საღამოს 6ის ნახევრიდან 9-ის ნახევრამდე, ანუ პიკის საათებში დასუფთავების მანქანები ასეთ ვიწრო ქუჩებში აღარ იმუშავებენ “, – განაცხადა ნარმანიამ.