მანანა კობახიძე „რუსთავი 2“ -ს: მთავარია სააკაშვილისგან არ დაგემუქროთ რამე
მთავარია სააკაშვილისგან არ დაგემუქროთ რამე, თორემ ხელისუფლებისგან თქვენ არაფერი გემუქრებათ, – ამ სიტყვებით მიმართა პარლამენტის ვიცე-სპიკერმა მანანა კობახიძემ ტელეკომპანია „რუსთავი2 “-ის გადაცემა „არჩევანის“ წამყვანს გიორგი გაბუნიას. როგორც საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა აღნიშნა, ტელეკომპანია „რუსთავი 2“ -სა და ბიზნესმენ ქიბარ ხალვაშის სასამართლო დავა მხოლოდ სასამართლო დარბაზში უნდა გადაწყდეს.
„ეს დავა უნდა გადაწყდეს სამართლებრივ სივრცეში. ვის გაეხარდება, ვის ეწყინება, როგორი იქნება გადაწყვეტილება, მათ შორის პოლიტიკოსებს, ამას არავითარი მნიშვნელობა არ აქვს. ჩემთვის მთავარი და მნიშვნელოვანია ის, რომ დღეს „რუსთავი 2“ მაუწყებლობს, რომ თქვენ ხართ ეთერში, მე ვარ თქვენთან ეთერში, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი… ის, რომ დღეს არაფერი ემუქრება „რუსთავი 2“-ს, როგორც მედიასაშუალებას, რომ არაფერი ემუქრება ჟურნალისტებს, ყოველ შემთხვევაში ხელისუფლებიდან, მთავარია სააკაშვილისგან არ დაგემუქროთ რამე, ისეთებს ვისმენ რომ არვიცი, რამდენად დაცული ხართ, მაგრამ ჩვენგან ნამდვილად დაცული ხართ, ძალიან მინდა რომ ხვალ, ზეგ დაცულები იყოთ რაღაც პანიკის გარეშე.
არავის უფიქრია და არც ფიქრობს თქვენი სიგნალის გათიშვას, თქვენს ტერიტორიაზე შემოჭრას ან ეთერიდან გამორთვას. ჟურნალისტებზე ძალადობა, რასაც ჩვენ ვხედავდით, ალბათ გახსოვთ წინა ხელისუფლება მოსახლეობას ანტენებსა და სატელევიზიო თეფშებს უყადაღებდა სადღაც სოფლებში, რომ არ მიეღოთ სიგნალი გარკვეული ტელეარხებიდან, მადლობა ღმერთს, რომ ეს დრო დამთავრდა“, – განაცხადა მანანა კობახიძემ.