ნუგზარ წიკლაური: ხალხის შეკრებით ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის დაცვას ვაპირებდით

ადამიანების ის ნაწილი, რომელზეც ჩანაწერებშია საუბარი, ტელეკომპანია „რუსთავი 2″-ს შესაძლო დარბევის თავიდან ასაცილებლად სჭირდებოდა, – ასე ეხმაურება საპარლამენტო უმცირესობის წევრი ნუგზარ წიკლაური უკრაინულ ვებგვერდზე გამოქვეყნებულ მისი და მიხეილ სააკაშვილის სატელეფონო ჩანაწერებს.
მისი თქმით, ისინი ხალხის შეკრებით ტელეკომპანიის დაცვას აპირებდნენ.
„ჩვენ გვქონდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ “ტიტუშკების” გარკვეული რაზმები აპირებდნენ თავდასხმას „რუსთავი 2“-ის შენობაზე და ამას აძლიერებდა ისიც, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ რამდენიმე ათეული ოფისი იქნა დარბეული ირაკლი ღარიბაშვილის პირდაპირი ძალადობრივი მოწოდების შემდეგ. გვჭირდებოდა ხალხის გარკვეული რაოდენობა, რომელიც დაიცავდა „რუსთავი 2“-ს და ამ “ტიტუშკებს” არ მისცემდა უფლებას, აეღოთ თავისუფალი ტელევიზია ხელში. ხაზგასმით ვამბობ, რომ ეს არის არაშეიარაღებული, მშვიდობიანი ხალხის მობილიზაცია, რაც ვიხილეთ კიდეც “რუსთავი 2”-ის შენობასთან 10 დღის განმავლობაში“, – განაცხადა წიკლაურმა.
შეგახსენებთ, რომ დღეს უკრაინულ საიტზე: http://uarevo.in.ua/ კიდევ ერთ აუდიოჩანაწერი გავრცელდა, სადაც საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი უმცირესობის ერთ-ერთ წევრს, ნუგზარ წიკლაურს ესაუბრება.
წიკლაური და სააკაშვილი აუდიოჩანაწერში „რუსთავი 2“-თან დაკავშირებით საუბრობენ. წიკლაური ექსპრეზიდენტს დეტალურად უყვება, როგორ ახდენენ ხალხის მობილიზებას. უმცირესობის დეპუტატი საუბარში აღნიშნავს, რომ სამეგრელოდან 50 ყოფილი სპეცრაზმელიც ჩამოჰყავთ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები