„ამ ნორმის შეჩერება მართლმსაჯულების კოლაფსი იქნება” – ასათიანი „რუსთავი 2-ის“ სარჩელზე

ადვოკატი დავით ასათიანი „ლიბერალთან“ „ამორალური გარიგების“ შესახებ საკანონმდებლო ნორმის მნიშვნელობაზე საუბრობს. მისი განმარტებით, ამ მუხლზე დაყრდნობით საერთო სასამართლოებში უამრავი სარჩელი არსებობს, შესაბამისად, მისი არაკონსტიტუციურად ცნობა, გაუქმება ან შეჩერება საერთო სასამართლოების სისტემაში ქაოსს გამოიწვევს.
„კანონსაწინააღმდეგო, ამორალური გარიგების” საკანონმდებლო ნორმაზე დაყრდნობით უამრავი სარჩელია საქართველოს საერთო სასამართლოებში, ზოგი განხილვის სტადიაში, ზოგიერთზე კი გადაწყვეტილება გამოსულია უკვე და გასაჩივრებულია სხვადასხვა ინსტანციაში. ამ მუხლის შეჩერება იქნება მნიშვნელოვანი კოლაფსი მთლიანად მართლმსაჯულების სისტემისთვის, იმიტომ, რომ უამრავი სარჩელია ამ მუხლზე დაფუძნებული სხვადასხვა გარემოებით, სხვადასხვა ფიზიკურ თუ იურიდიულ პირს შორის“.
ადვოკატის ინფორმაციით, აღნიშნული მუხლი ევროპის თითქმის ყველა განვითარებული ქვეყნის კანონმდებლობაში არსებობს. დავით ასათიანის თქმით, ბოლო მოვლენებიდან გამომდინარე, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პროგნოზირება შეუძლებელი ხდება. თუმცა მისთვის წარმოუდგენელია, როგორ შეიძლება კანონსაწინააღმდეგო, ამორალური იყოს გარიგება და მისი ბათილად ცნობის საკანონმდებლო ნორმა არ არსებობდეს.
„აუცილებელია, რომ მსგავსი მუხლი არსებობდეს. ეს არსებობს ევროპული სამართლის მქონე და გერმანული სამართლის ოჯახის ყველა ქვეყანაში. ამორალური, კანონსაწინააღმდეგო გარიგება რომ ბათილია, ეს არის ძირითადი პრინციპი სამოქალაქო ბრუნვის. ამ ნორმის გაუქმება, არაკონსტიტუციურად ცნობა რეალურად გამოიწვევს აბსოლუტურად სამოქალაქო ბრუნვის აღრევასა და დისბალანსს”. „რუსთავი 2-მა” და შპს „ტელეკომპანია საქართველომ”
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს სამოქალაქო კოდექსის 54-ე და 55-ე მუხლების არაკონსტიტუციურად ცნობის მოთხოვნით მიმართეს. მოსარჩელე მხარე სასამართლოს ამ მუხლების მოქმედების შეჩერებასაც სთხოვს.
სამოქალაქო კოდექსის 54-ე მუხლის, „მართლსაწინააღმდეგო და ამორალური გარიგებანი” თანახმად, „ბათილია გარიგება, რომელიც არღვევს კანონით დადგენილ წესსა და აკრძალვებს, ეწინააღმდეგება საჯარო წესრიგს ან ზნეობის ნორმებს”, ხოლო 55-ე მუხლი ეხება „გარიგების ბათილობას გავლენის ბოროტად გამოყენების გამო”. ქიბარ ხალვაშის მიერ „რუსთავი 2-ის“ წილის დასაბრუნებლად თბილისის საქალაქო სასამართლოში შეტანილი სარჩელი სწორედ ამ ორ მუხლს ეყრდნობა.

წყარო: Liberali.ge

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები