ნოდარ ჯავახიშვილი გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ელჩს შეხვდა

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ნოდარ ჯავახიშვილი გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ელჩს ბეტინა კადენბახს შეხვდა.
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე მხარეებმა ორ ქვეყანას შორის ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები განიხილეს და სამომავლო გეგმებზე ისაუბრეს. მინისტრმა აღნიშნა, რომ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურული მოწყობის კუთხით გერმანია ევროპის ერთ-ერთი წამყვანი ქვეყანაა, შესაბამისად, მასთან თანამშრომლობა საქართველოსთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ამ თანამშრომლობის თვალსაჩინო დასტურია გერმანიის რეკონსტრუქციისა და განვითარების საკრედიტო ბანკთან (KfW) ერთად განხორციელებული პროექტები, რომლის საფუძველზე ქალაქ ქუთაისში მყარი ნარჩენების მართვის გარემოსთვის უსაფრთხო ინტეგრირებული სისტემა მოეწყობა.
გერმანიის რეკონსტრუქციისა და განვითარების საკრედიტო ბანკი წარმატებით თანამშრომლობს მუნიციპალური განვითარების ფონდთან, ერთობლივი პროექტის ფარგლებში 2015 წელს ზუგდიდის მუნიციპალიტეტში 10 საცხოვრებელი კორპუსი აშენდა და მიმდებარე ტერიტორია კეთილმოეწყო.
ნოდარ ჯავახიშვილის განმარტებით, უწყება მჭიდროდ თანამშრომლობს გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ფედერალურ სამინისტროსა და გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოებასთანაც(GIZ). მათთან ერთად ხორციელდება „ადგილობრივი თვითმმართველობის პროგრამა „სამხრეთ კავკასია“ ძირითადი აქტივობები საქართველოში“.
გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოება აქტიურადაა ჩართული რეგიონული განვითარების სააგენტოების გამოცდილების გაზიარების კუთხით და ასევე რეგიონული განვითარების ფონდისათვის პროექტების შერჩევის კრიტერიუმების დახვეწის მიმართულებით. ურთიერთთანამშრომლობის საჭიროებაზე ისაუბრა გერმანიის ელჩმაც, ბეტინა კადენბახმა იმედი გამოთქვა, რომ სამომავლოდ დაგეგმილი ერთობლივი პროექტები ამ თანამშრომლობას კიდევ უფრო მეტად გააღრმავებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები