ლალი მოროშკინა: ამ აუდიოჩანაწერების გასაჯაროება ყველაზე მეტად ნიკა გვარამიას აწყობდა

ყველაზე მეტად ამ აუდიოჩანაწერების გასაჯაროება ნიკა გვარამიას აწყობდა – ამის შესახებ “კვირასთან“ საუბრისას არასამთავრობო ორგანიზაცია “ძლიერი ქალი ძლიერი სახელმწიფოს“ ხელმძღვანელი, ჟურნალისტი ლალი მოროშკინა გუშინ გავრცელებულ აუდიოჩანაწერებთან დაკავშირებით აცხადებს.
მოროშკინა ფიქრობს, რომ ნიკა გვარამიაც და “ნაციონალური მოძრაობის“ სხვა წევრებიც სააკაშვილის მძევლები არიან, რადგან მათ სააკაშვილი თავისი “მანიაკალური ზრახვების“ განსახორციელებლად იყენებს.
ჟურნალისტი ამბობს, რომ ეს ფაქტი გუშინ გავრცელებულმა აუდიოჩანაწერებმაც ნათლად დაადასტურა.
“ვფიქრობ, ამ აუდიოჩანაწერების გასაჯაროება ყველაზე მეტად ნიკა გვარამიას აწყობდა. მას ძალიან უნდა, როგორმე მოშორდეს სააკაშვილის მარწუხებს. ამ ჩანაწერებით დადასტურდა, რომ გვარამია არის მიხეილ სააკაშვილის მანიაკალური ზრახვების მძევალი, როგორც “ნაციონალური მოძრაობის“ სხვა წევრები, სხვათა შორის, ამ პარტიიდან წამოსულმა ადამიანებმა, ფაქტობრივად, დაადასტურეს, რომ მათ სააკაშვილის ამაზრზენი მიზნების აყოლა არ უნდოდათ. ჩემი აზრით, “ნაციონალურ მოძრაობაში“ მათი დარჩენა თვითლიკვიდაციის ტოლფასი იქნებოდა“,- აცხადებს ლალი მოროშკინა.
მოროშკინას შეფასებით, სააკაშვილს საქართველოში სისხლიანი სურათის შექმნა პირადი ინტერესების – თავის გადასარჩენად აწყობს.
„ცოტა ხნის წინ მე ვწერდი, რომ სააკაშვილი საქართველოში სისხლის ჭავლის დაყენებას შეეცდებოდა და ამისთვის ყველაფერს გააკეთებდა. მან იცის, რომ ცოტა ხანში უკრაინაში აღარ გააჩერებენ, საქართველოშიც ვეღარ დაბრუნდება, ამიტომ მისი ერთადერთი გამოსავალი არის, რომ უცხოეთს შეაფაროს თავი, მაგრამ ამისთვის წინასწარ სჭირდებოდა სურათი, სისხლიანი საქართველო დაეხატა და სწორედ ამ გეგმას განიხილავს აუდიოჩანაწერებში.
სააკაშვილს ჰქონდა ძალიან დიდი იმედი, რომ აიყოლიებდა “რუსთავი 2“-ის ჟურნალისტებს, რომლებიც მძევლებად აქციეს. ჩაითრევდა მისი ხელისუფლების პერიოდის სხვა მაღალჩინოსნებს და ქვეყანაში ქაოსს შემოიტანდა. სააკაშვილს პრეზიდენტობის პერიოდში ვიღაცის ინტონაცია რომ არ მოსწონებოდა, ამაზე დაიჭერდა ადამიანს, მე მომწონს ჩვენი ახლანდელი მთავრობის მოქმედება ამ საქმესთან დაკავშირებით, უმნიშვნელოვანესია პროგრესულმა საზოგადოებამ, თუნდაც ამერიკამ, ევროპულმა საზოგადოებამ დაინახოს, რომ საქართველოში არის მთავრობა, რომელიც კანონის სრული დაცვით მოქმედებს. სააკაშვილი არის ოდესის გუბერნატორი, აუდიოჩანაწერებში გარკვევით ჩანს, რომ ის სხვა ქვეყანაში ინტერვენციის განხორციელებას გეგმავს და ერევა საქართველოს შიდა საკითხებში. უკრაინის ხელისუფლებამ უნდა მოახდინოს მყისიერი რეაქცია და დააფიქსიროს პოზიცია, წინააღმდეგ შემთხვევაში შესაძლოა, უკრაინა და საქართველო დიპლომატიური კრიზისის წინაშე აღმოჩნდნენ.
ვფიქრობ, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მკაცრად უნდა მოსთხოვოს განმარტება უკრაინის მხარეს სააკაშვილის განცხადებებთან დაკავშირებით. უკრაინასთან ურთიერთობის დაძაბვა, რა თქმა უნდა, არ მინდა, მაგრამ როცა საქმე ქვეყნის ინტერესებს ეხება, პირველ რიგში, ამ ინტერესების დაცვაზე უნდა ვიფიქროთ“, – აცხადებს “კვირასთან“ საუბრისას ლალი მოროშკინა.
შეგახსნებთ, რომ რამდენიმე დღის წინ მოროშკინამ წამების ამსახველი მასალების გავრცელება და საქართველოში განვითარებული მოვლენები მიხეილ სააკაშვილის ინტერესებს დაუკავშირა.
მოროშკინა ფეისბუქის პირად გვერდზე წერდა, რომ ყველაზე მეტად ქვეყანაში სიტუაციის ესკალაცია მიხეილ სააკაშვილს აწყობს, რათა საშუალება მიეცეს თავშესაფარი ამერიკის შეერთებულ შტატებს სთხოვოს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები