დიმიტრი ქუმსიშვილი საერთაშორისო სავალუტო ფონდის რეგიონული ეკონომიკური მიმოხილვის პრეზენტაციას დაესწრო

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიერ მომზადებულ რეგიონულ ეკონომიკურ მიმოხილვას დაესწრო, სადაც პრეზენტაცია გააკეთა საერთაშორისო სავალუტო ფონდის მუდმივი წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა საქართველოში აზიმ სადიკოვმა.
ღონისძიებას საპარტნიორო ფონდის ხელმძღვანელი დავით საგანელიძე, საქართველოს საბანკო და აკადემიური სფეროს, ასევე დიპლომატიური კორპუსისა და საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
ეკონომიკის სამინისტროს ცნობით, პრეზენტაციაზე განხილული იყო სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალური აზიის რეგიონში, მათ შორის, საქართველოში არსებული ეკონომიკური ვითარება, საგარეო ფაქტორების გავლენა და სამომავლო პროგნოზები.
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა განაცხადა, რომ საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგნოზით, საქართველოს, როგორც რეფორმატორ ქვეყანას, 2016-2017 წლებში ექნება ერთ-ერთი ყველაზე მაღალი ზრდა ეკონომიკაში მთელი რეგიონის მასშტაბით. მინისტრის თქმით, ეკონომიკური ზრდა ვერ განხორციელდება სტრუქტურული რეფორმებისა და სტაბილურობის გარეშე. ერთ-ერთ მნიშვნელოვან სტრუქტურულ რეფორმად, რომელსაც საქართველო ახორციელებს საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების დახმარებით, მინისტრმა საპენსიო რეფორმა დაასახელა, რომლის საკანონმდებლო ბაზა და იმპლემენტაცია დაგეგმილია 2016 წლისათვის, ხოლო 2017 წელს კი მისი განხორციელება დაიწყება. დიმიტრი ქუმსიშვილმა დადებითად შეაფასა ყველა რეფორმა, რომელიც საქართველოში ხორცილედება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები