დედაქალაქის მერმა მოსახლეობას წლიური ანგარიში წარუდგინა

თბილისის მერმა დავით ნარმანიამ მოსახლეობას დედაქალაქის მთავრობის საქმიანობის ერთი წლის ანგარიში წარუდგინა.
თბილისის მერიის ინფორმაციით, პრეზენტაციაზე მერიის სამსახურებისა და გამგეობების მიერ 2014 წლის აგვისტოდან 2015 წლის აგვისტოს ჩათვლით წარმოებული სამუშაოები იყო წარმოდგენილი. დედაქალაქის მთავრობის საქმიანობის ერთი წლის ანგარიში სხვადასხვა მიმართულებას მოიცავს, მათ შორის ერთ-ერთი მთავარი თბილისის 2015 წლის ბიუჯეტია, რომელიც პრიორიტეტების მიხედვით დაიგეგმა – მნიშვნელოვნად გაიზარდა ინფრასტრუქტურული, სოციალური, ჯანდაცვის, კულტურის, განათლებისა და სხვა პროგრამების ბიუჯეტები, ამასთან, შემცირდა თბილისის წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი ორგანოების ადმინისტრაციული ხარჯები.
ანგარიშში ყურადღება გამახვილებულია ინფრასტრუქტურულ პროექტებზე – 2014 წლის ბოლო 3 თვის განმავლობაში ჩატარებული ინფრასტრუქტურული სამუშაოები (23 609,3 ლარი), წინა ხელისუფლების პირობებში, 2014 წლის პირველი 7 თვის განმავლობაში, ამავე ტიპის სამუშაოებში ბიუჯეტის ათვისებას (25 020,4 ლარი) უტოლდება. რაც შეეხება 2015 წლის საგზაო სამუშაოებს, 2014 წლის პირველი ორი კვარტლის მონაცემებთან შედარებით (224 119,20 მ2 ასფალტი), 2015 წლის ამავე პერიოდის განმავლობაში არსებითად მეტი გზის საფარი დაიგო (269 726,85 მ2 ასფალტი). განხორციელდა საინჟინრო ნაგებობებისა და სხვა ობიექტების მშენებლობა-რეკონსტრუქცია, ავარიული საცხოვრებელი შენობების კაპიტალური გამაგრება.
უწყების ცნობით, დამუშავების პროცესშია მიწათსარგებლობის ახალი გენერალური გეგმა, რომელიც ქალაქის მდგრადი განვითარების ძირეულ პრინციპებს მოიცავს. ამასთან, ქალაქის საჭიროებების გათვალისწინებით მომზადდა საკანონმდებლო ცვლილებები, გამკაცრდა სარეკრეაციო ზონების დაცვის რეჟიმი, მშენებლობისას გაიზარდა გამწვანებული ნაწილის კოეფიციენტი. დედაქალაქის მდგრადი განვითარებისთვის თბილისის მერია „მომავლის ქალაქის” პროექტის განხორციელებას იწყებს. ქალაქის ისტორიაში პირველად, ძალაში შევიდა თბილისის გარემოსდაცვითი სტრატეგია, რომელიც მდგრადი განვითარების უზრუნველსაყოფად, დედაქალაქის გარემოსდაცვით პრიორიტეტებს განსაზღვრავს. მყარი ნარჩენების მართვის პოლიტიკის შემუშავების მიზნით განხორციელდა მთელი რიგი ღონისძიებები. აქტიურად მიმდინარეობს მუშაობა ემისიების, CO2-ის, შემცირებისა და თბილისში ჯანსაღი საცხოვრებელი გარემოს უზრუნველსაყოფად.
დედაქალაქის მთავრობის საქმიანობის ერთი წლის ანგარიშში დეტალურად გაიწერა თბილისის მერიის მიერ 12 თვის განმავლობაში წარმოებული სამუშაოები, მათ შორისაა – შშმ პირთა ხელშეწყობა და ადაპტირებული გარემოს შექმნა, ჯანდაცვა და სოციალური უზრუნველყოფა, ეკონომიკისა და ბიზნესის ხელშეწყობა, კულტურა, განათლება, სპორტი და ახალგაზრდობა, გამწვანება, მუნიციპალური ტრანსპორტის განახლება.
ანგარიში, ასევე, მოიცავს თბილისის საცობებისგან განტვირთვის მიზნით ჩატარებულ, მიმდინარე და დაგეგმილ სამუშაოებს, მათ შორისაა – კრწანისი-შინდისის დამაკავშირებელი გზა, აეროპორტის ხიდიდან ლოჭინის ხიდამდე დაგეგმილია გზის კაპიტალური შეკეთება, ასევე, მნიშვნელოვანია კახეთის გზატკეცილის თბილისის ზღვასთან დაკავშირება.
დედაქალაქის მთავრობის საქმიანობის ეფექტურობის გაუმჯობესებისა და გამჭვირვალობის მიზნით განხორციელდა მთელი რიგი ცვლილებები, ამასთან, დამტკიცდა შიდა აუდიტის 2015-2017 წლების სტრატეგიული გეგმა, რაც სისტემის ფინანსური მართვისა და კონტროლის ეფექტურობას უზრუნველყოფს.
ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ საქართველოს ორგანული კანონის თანახმად, მუნიციპალიტეტის მერი წელიწადში ერთხელ მაინც, არაუგვიანეს 1 ნოემბრისა, ვალდებულია მუნიციპალიტეტის ამომრჩეველს დედაქალაქის მთავრობის საქმიანობის შესახებ შესაბამისი ანგარიში წარუდგინოს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები