„რუსთავი 2“-მა „ნაციონალური მოძრაობის“ ძალადობისგან თავი უნდა იხსნას“

„რუსთავი 2“ -მა „ნაციონალური მოძრაობის“ ძალადობისგან თავი უნდა იხსნას. ის ახლა „ნაციონალური მოძრაობის“ მძევალია“,- განცხადება ამის შესახებ პარლამენტის ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ დიმიტრი ხუნდაძემ პორტალ „კვირას“ პრესკლუბში გააკეთა.
ხუნდაძე მიხეილ სააკაშვილის, გიგა ბოკერიასთან და ნიკა გვარამიასთან საუბრის ჩანაწერის გავრცელებასაც გამოეხმაურა. მისი შეფასებით, ის, რაზეც სააკაშვილი, ბოკერია და გვარამია საუბრობდნენ, ანტისახელმწიფოებრივი ქმედებებია. დეპუტატი მიიჩნევს, რომ სააკაშვილი და „ნაციონალური მოძრაობა“ ამით ცდილობენ ქვეყანაში არეულობის შექმნას, რომ ეს ხელისუფლებაში დაბრუნებისთვის გამოიყენონ, თუმცა ხუნდაძე მიიჩნევს, რომ მათ გეგმებს განხორციელება არ უწერია.
„ ეს „ნაციონალური მოძრაობის“ ჩვეული ხელწერაა. ისინი არეულობისთვის 2012 წლიდან ემზადებიან, რადგან ვერ შეეგუბნენ იმას, რომ ისინი საზოგადოებამ არჩევნების გზით ჩამოიცილა და უარი უთხრა ძალადობას. მათი ეს გეგმა განუხორციელებელია დღემდე და შემიძლია მათ მივცე იმედი, რომ ისინი ამას ვერასდროს განახორციელებენ. ესაა ერთი მცირე ჯგუფი, რომელსაც ერთი გაუწონასწორებელი ლიდერი ჰყავს, არ შეიძლება „მიშა მაგარია“-ს ძახილით საზოგადოებაზე იძალადო. ჩვენ გვახსოვს, როგორი გენოციდი მოუწყვეს ერს და რამდენი პატიმარი ჰყავდათ მათ, გვახსოვს ტელევიზიაში შევარდნები. მაშინ პროკურორი სწორედ ის იყო, ვინც დღეს „რუსთავი“ 2-ს ხელმძღვანელობს“. დღეს „რუსთავი 2“ ძალადობის მსხვერპლია და მას სჭირდება სწორედ დაცვა, მაგრამ ვისგან სჭირდება დაცვა, ეს არის სწორად გასაგები. განცხადებები იმაზე რომ ნიკა გვარამია მას არ დაემორჩილა, ეს უკვე დასტურია იმისა, რომ ის რაღაცას სთხოვდა მას, ეს რაღაც კი არის ბარიკადები, ძალადობა, გასროლა… ეს ანტისახელმწიფოებრივი ქმედებებია. არც ბოკერიას უარყვია ეს საუბრები . „ნაციონალური მოძრაობა“ მიხეილ სააკაშვილის ხელმძღვანელობით აპირებს არეულობის მოწყობას, რომ მღვრიე წყალში დაიჭიროს თევზი და ხელისუფლებაში მობრუნდეს, ეს ვერასოდეს განხორციელდება“,- განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.
რაც შეეხება ფარულ მიყურადებას, ხუნდაძის განცხადებით, მან ვერცერთი დადასტურებული ფაქტი ვერ ნახა იმისა, რომ ხელისუფლება ვინმეს უკანონოდ უსმენს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები