იუსტიციის სახლში უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომა გაიმართა
იუსტიციის მინისტრის თეა წულუკიანის მოწვევით, იუსტიციის სახლში სისხლის სამართლის რეფორმის უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომა გაიმართა. სხდომას საბჭოს თავმჯდომარე, საქართველოს იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი უძღვებოდა. საბჭოს მუშაობაში მონაწილეობდა უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე ნინო გვენეტაძე.
სხდომას საკოორდინაციო საბჭოს წევრები, აღმასრულებელი, საკანონმდებლო და სასამართლო ხელისუფლების, არასამთავრობო და ადგილობრივი და საერთაშორისო დონორი ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
დღევანდელი საბჭოს სხდომა ღია იყო დაინტერესებული მოსამართლეებისთვის. იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციით, სხდომაზე ისაუბრეს, რამდენად მზადაა სასამართლო სისტემა საქმეთა ელექტრონული განაწილების წესის პრაქტიკაში დანერგვისათვის.
19 ოქტომბერს იუსტიციის მინისტრი მოსამართლეთა კორპუსს შეხვდა, სადაც აღინიშნა, რომ სასამართლო სისტემა მზად არ არის, პირველი იანვრიდან საქმეთა ელექტრონული განაწილების პრინციპით იმუშაოს. იუსტიციის მინისტრის შეთავაზებითა და უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის თანხმობით სისხლის სამართლის საბჭოს სხდომა მხოლოდ ამ ერთ საკითხს მიეძღვნა. დისკუსიას მოსამართლეთა კორპუსიც ესწრებოდა.
უზენაესმა სასამართლომ წარმოადგინა თავისი ხედვა, როგორ უნდა მოხდეს სისტემის მოწყობა, თავისი მოსაზრებები გამოთქვეს მოსამართლეებმა. იუსტიციის მინისტრის თხოვნით, ყველა მხარე წარმოადგენს თავის მოსაზრებებს იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ უნდა იმუშაოს სისტემამ. გამოთქმულ მოსაზრებებზე დაყრდნობით გადაწყდა, რომ უნდა შეიქმნას კონცეფცია იმისა, თუ როგორია ზუსტი დავალება, შემდეგ უკვე ამ დავალების მიხედვით ტექნიკურ დონეზე დაიწეროს პროგრამა, მოხდეს სისტემის სატესტო რეჟიმში გაშვება და ბოლოს საყოველთაო იმპლემენტაცია.
პირველ ეტაპზე შეიქმნება სამუშაო ჯგუფი მოსამართლეების, ადვოკატების, პარლამენტის წევრებისა და იუსტიციის სამინისტროს წარმომადგენლებისაგან, რომელიც შეიმუშავებს პროგრამის ტექნიკურ პრინციპებს. ეს სამუშაო ერთი კვირის ვადაში უნდა შესრულდეს.
„ჩვენ დეტალურად გავიარეთ ეს საკითხი. თუმცა, პრინციპი, რომ სასამართლოში საქმეთა ელექტრონული განაწილება უნდა მოხდეს, რომელიც ჩვენი მართლმსაჯულების სისტემაში გამორიცხავს ყველანაირ კორუფციას და პიროვნულ მიდგომებს; გამორიცხავს თავმჯდომარეების მხრიდან ერთპიროვნულ გადაწყვეტას, ვის მისცენ ესა თუ ის კომპლექსური ან პოლიტიკურად სენსიტიური საქმე განსახილველად“, − განაცხადა თეა წულუკიანმა.
სხდომას არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები და დამოუკიდებელი ექსპერტები ესწრებოდნენ.