განათლებისა და კულტურის კომისიამ დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართა
თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარის თამარ ტალიაშვილის ინიციატივით, კომისიის წევრები, თბილისის მერის მოადგილეები: ირაკლი ლექვინაძე და ნინა ხატისკაცი საქართველოში მოქმედი დიპლომატიური კორპუსისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდნენ.
შეხვედრას თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ალიბეგაშვილი ესწრებოდა. საკრებულოს თავმჯდომარემ სტუმრებს მობრძანებისთვის მადლობა გადაუხადა და ქალაქის განათლებისა და კულტურის განვითარების მიმართულებით დღევანდელი შეხვედრის მნიშვნელობაზე ისაუბრა.
თბილისის საკრებულოს ინფორმაციით, შეხვედრის მიზანი განათლებისა და კულტურის სფეროში არსებული იმ გამოწვევებისა და ინიციატივების განხილვა იყო, რომლებიც საზოგადოების წინაშე ადგილობრივი პოლიტიკური პროგრამისა და პრიორიტეტების ცვლილების შედეგად დადგა. თამარ ტალიაშვილმა დიპლომატიური კორპუსისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს ერთობლივი ძალისხმევით განხორციელებული პროექტებისთვის მადლობა გადაუხადა.
შეხვედრაზე მხარეებმა საერთაშორისო გამოცდილების გაზიარების, ურთიერთსასარგებლო პროექტებისა და ინიციატივების დაგეგმვისა და განხორციელების შესაძლებლობები და გზები განიხილეს.
,,დღევანდელ შეხვედრაზე დედაქალაქში განათლებისა და კულტურის მიმართულებით არსებულ გამოწვევებსა და ინიციატივებზე, ასევე მომავალში დასაგეგმ პროექტებზე ვისაუბრეთ. ვფიქრობ, განათლების მიმართულებით არსებული ევროპული სტანდარტების დანერგვის მიზნით, ძალიან მნიშვნელოვანია თანამშრომლობის ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან გაღრმავება’’,-განაცხადა თამარ ტალიაშვილმა.
შეხვედრაზე მოწვეულმა დიპლომატიური კორპუსისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა დადებითად შეაფასეს შეხვედრა და მომავალი თანამშრომლობაზეც ისაუბრეს. უწყების ცნობით, შეხვედრას, რომელიც „მრგვალი მაგიდის“ ფორმატში წარიმართა, თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დეპუტატებიც დაესწრნენ და სამომავლო თანამშრომლობისათვის თავიანთი ხედვა და ინიციატივები წარმოადგინეს.