მლაშე – მოხე – დერცელის საავტომობილო გზაზე სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი, ყოველკვირეული ფოტორეპორტაჟის რუბრიკაში, მლაშე–მოხე–დერცელის საავტომობილო გზის რეაბილიტაციის მიმდინარეობის ფოტოქრონიკას აქვეყნებს.
სააგენტოს ცნობით, ადგილობრივი მნიშვნელობის მლაშე–მოხე–დერცელის საავტომობილო გზის 11.3-კილომეტრიანი მონაკვეთის რეაბილიტაციის პროექტი მოიცავს: გზის სავალი ნაწილის რეციკლირებას და ახალი საფარის მოწყობას, მონაკვეთზე არსებული ხიდის რეაბილიტაციას. ასევე, წყალგამტარი მილების, გზის საყრდენი კედლების, გვერდულების, კიუვეტების, გაბიონების, ადგილობრივ გზებთან მიერთებების, საგზაო ნიშნების, უსაფრთხოების ბარიერების მოწყობისა და გზის ჰორიზონტალური მონიშვნის სამუშაოებს.
ამ დროისათვის, აღნიშნულ მონაკვეთზე მიწის (ფერდობების ჩამოწმენდის), ხელოვნური ნაგებობებისა და გაბიონების მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს. ასფალტ–ბეტონის საფარი დაგებულია გზის 6-კილომეტრიან მონაკვეთზე. პროექტის ფარგლებში შესრულებულია სამუშაოების 52,2%.
აღნიშნული გზა სოფლებს: მლაშეს, მოხეს, დერცელსა და ჭეჭლას რაიონულ ცენტრთან – ადიგენთან აკავშირებს.
სამუშაოები მსოფლიო ბანკის დაფინანსებით, შიდასახელმწიფოებრივი და ადგილობრივი გზების რეაბილიტაციის III პროექტის (SLRP III) ფარგლებში მიმდინარეობს და მისი ღირებულება 6 მილიონ 428 ათასი ლარია. სამუშაოები 2016 წლის ზაფხულში დასრულდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები