საპროკურორო საბჭოს წევრობის 17 კანდიდატის ვინაობა უკვე ცნობილია

საპროკურორო საბჭოს წევრობის 17 პროკურორი კანდიდატის ვინაობა, საიდანაც რვა საბჭოში უნდა აირჩიონ, უკვე ცნობილია.
როგორც პროკურორთა კონფერენციაზე საქართველოს მთავარი პროკურატურის საპროკურორო საქმიანობაზე ზედამხედველობისა და სტრატეგიული განვითარების დეპარტამენტის უფროსმა ნათია მეზვრიშვილმა განაცხადა, 17 კანდიდატი 12 საინიციატივო ჯგუფის მიერ დასახელდა.
მისივე განმარტებით, თითოეულ საინიციატივო ჯგუფს არაუმეტეს ორი კანდიდატის წარდგენის უფლება ჰქონდა.
უფრო კონკრეტულად: მთავარი პროკურატურის პირველ კვოტაზე წარდგენილნი არიან მთავარი პროკურატურის დეპარტამენტის პროკურორები  გიგა ძნელაძე და ნანა ხუნჯუა.
მეორე კვოტაზე – უწყების საგამოძიებო ნაწილის სამმართველოს უფროსი ნათია სონღულაშვილი და მთავარი პროკურატურის დეპარტამენტის პროკურორი ზაზა ქორიძე. მესამე კვოტაზე დასახელდნენ: მთავარი პროკურორის დეპარტამენტის პროკურორი დავით ბუკია და აღნიშნული დეპარტამენტის უფროსის მოადგილე გოჩა ფარულავა. აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების ნომერ მეოთხე კვოტაზე კი – ოზურგეთის რაიონული პროკურორი შოთა კვაჭანტირაძე და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პროკურორის მოადგილე ანზორ უსტიაძე. აღმოსავლეთ საქართველოს ტერიტორიაზე არსებული საოლქო პროკურატურების, ქალაქ თბილისის პროკურატურის და რაიონული პროკურატურების მეხუთე კვოტაზე წარდგენილნი არიან: თბილისის პროკურატურის პროკურორი ხათუნა მოდებაძე და რუსთავის რაიონული პროკურორი კონსტანტინე სირაძე. აღმოსავლეთ საქართველოს ტერიტორიაზე არსებული საოლქო პროკურატურების, ქალაქ თბილისის პროკურატურისა და რაიონული პროკურატურის ნომერ მეექვსე კვოტაზე – თბილისის პროკურატურის პროკურორი ანა კალანდაძე და გორის რაიონული პროკურორის მოადგილე მორის ჩუბუნიძე. აღმოსავლეთ საქართველოს ტერიტორიაზე არსებული საოლქო პროკურატურების, ქალაქ თბილისის პროკურატურისა და რაიონული პროკურატურების ნომერ მეშვიდე კვოტაზე დასახელდნენ კახეთის საოლქო პროკურატურის განყოფილების უფროსი გიორგი ბაჩიაშვილი და თბილისის პროკურორის მოადგილე გიორგი გაბოძე.
დასავლეთ საქართველოს ტერიტორიაზე არსებული საოლქო და რაიონული პროკურატურების მერვე კვოტაზე კი წარდგენილია დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურის პროკურორი ქეთევან თალაკვაძე, ზესტაფონის რაიონული პროკურორის მოადგილე გრიგოლ კეზელაძე და სამეგრელო-ზემო სვანეთის საოლქო პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის უფროსი მამუკა ფიფია.
დღეიდან პროკურატურამ მთავარი პროკუორის კანდიდატურის შერჩევის პოცედურა დაიწყო.
საქართველოს პროკურატურის შესახებ” კანონში განხორციელდა ცვლილება, რომლის მიხედვითაც, მთავარი პროკურორი საპროკურორო საბჭომ უნდა აირჩიოს. საბჭო 15 წევრისგან შედგება, საიდანც 8 უნდა იყოს პროკურორი. პროკურორებისაგან და პროკურატურის გამომძიებლებისაგან შემდგარი არანაკლებ 30-კაციანი საინიციატივო ჯგუფის მიერ წარდგენილი საპროკურორო საბჭოს წევრი აირჩევა 4 წლის ვადით; საბჭოს წევრობის კანდიდატი არ შეიძლება იყოს მთავარი პროკურორი, მთავარი პროკურორის პირველი მოადგილე, მთავარი პროკურორის მოადგილე, მთავარი პროკურატურის დეპარტამენტის უფროსი, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის პროკურორი, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პროკურორი, თბილისის პროკურორი ან საოლქო პროკურორი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები