„პროკურატურამ უნდა გამოკვეთოს „ნაცმოძრაობის“ ლიდერების როლი ადამიანის წამებებსა და გაუპატიურებებში“

„უფლებადამცველთა გაერთიანების” თავმჯდომარემ ნიკოლოზ მჟავანაძემ მთავარ პროკურატურაში განცხადება შეიტანა, სადაც ორგანიზაცია ითხოვს პროკურატირის მიერ ,,ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერების: მიხეილ სააკაშვილის, ვანო მერაბიშვილის, გიგა ბოკერიას და სხვათა როლის გამოკვეთას ადამიანთა წამებებსა და გაუპატიურებების საქმეებში. ასევე, საჭიროებისამებრ, FBI-ის ჩართვას გამოძიების პროცესში.
როგორც მთავარ პროკურატურაში განცხადების შეტანის შემდეგ ნიკოლოზ მჟავანაძემ განაცხადა, „ნაციონალური მოძრაობის’’ ლიდერებისა და მისი წევრების გამოკვეთას დანაშაულებში აქვს უდიდესი მნიშვნელობა, რადგან სწორედ მათ მიმართ გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენების შემდეგაა შესაძლებელი, სახელმწიფომ დაიწყოს პროცედურები საკონსტიტუციო სასამართლოში ,,ნაციონალური მოძრაობის’’ აკრძალვის მოთხოვნით. “მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ” კანონის 36-ე მუხლის თანახმად, “საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შეუძლია აკრძალოს პარტია, რომლის მიზანია საქართველოს კონსტიტუციური წყობილების დამხობა ან ძალადობით შეცვლა, ქვეყნის დამოუკიდებლობის ხელყოფა, ტერიტორიული მთლიანობის დარღვევა, ან რომელიც ეწევა ომის ან ძალადობის პროპაგანდას, აღვივებს ეროვნულ, კუთხურ, რელიგიურ ან სოციალურ შუღლს, ქმნის ან შექმნილი აქვს შეიარაღებული ფორმირება.” ვინაიდან შსს-ს მიერ აღმოჩენილია ათასობით ვიდეოფაილი თბილისსა და სამეგრელოში, სადაც ფიქსირდება ადამიანთა წამება-გაუპატიურება, დაწყებულია გამოძიება და რიგ ვიდეოფაილებზე უკვე დასრულებულიცაა. ვფიქრობთ, დასრულებულ და მიმდინარე საქმეებში უნდა იკვეთებოდეს ,,ნაციონალური მოძრაობის’’ მაღალჩინოსნების სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა, რადგან სისტემური დანაშაული შეუძლებელია მხოლოდ შსს ქვედა რგოლებში დაგეგმილიყო და ამის შესახებ არ სცოდნოდა და მონაწილეობა არ მიეღო ,,ნაციონალური მოძრაობის’’ და იმჟამინდელი მმართველი პარტიის ლიდერებს.
წარმოიდგინეთ, 1945 წელს გაესამართლებინათ მხოლოდ ნაცისტების დაბალი რანგის ჩინოსნები და ჰიმლერი, ბორმანი, გებელსი, ჰესი, რიბენტროპი, გერინგი და სხვა ნაცისტები არ წარმდგარიყვენენ განსასჯელის სკამზე.
გამორიცხულია სამეგრელოს სამალავებში და თბილისში აღმოჩენილი ფირებზე აღბეჭდილი საშინელებების დაგეგმვაში მონაწილეობა არ მიეღოთ: მიხეილ სააკაშვილს, ვანო მერაბიშვილს, გიგა ბოკერიას და „ნაცმოძრაობის“ სხვა ლიდერებს. აქედან გამომდინარე, მოვუწოდებთ პროკურატურას, გამოძიებამ გაითვალისწინოს აღნიშნული გარემოებები და თუ საჭიროა, საქმეების ძიებაში ჩართოს FBI -ის წარმომადგენლებიც“,- განაცხადა მჟავანაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები