„გაზპრომის“ გაზის, ისევე, როგორც ირანული გაზის შემოსვლა მომგებიანია, რასაც „ნაცმოძრაობა“ და „სოკარი“ ეწინააღმდეგებიან“

„მემარცხენე ალიანსის“ ლიდერი, სოსო შატბერაშვილი ნავთობკომპანია „სოკარს“ „ნაციონალური მოძრაობის“ დამფინანსებელს უწოდებს და აცხადებს, რომ კომპანია პარტიის აქციებს აფინანსებს.
როგორც შატბერაშვილმა „პირველ პრესკლუბში“ განაცხადა, „ნაციონალური მოძრაობა“ ბოლო დროს კონსტიტუციური და სახელმწიფო წესწყობილების დამხობის მოწოდებაზე გადავიდა, რომლის მიღმა ფინანსურად ნავთობკომპანია „სოკარი“ დგას.
„მასმედიის საშუალებებით „ნაციონალური პარტიის“ მხრიდან, მუქარის შემცველი განცხადებები გაისმის სახელმწიფო დაწესებულებების პიკეტირების და ტერორის განხორციელების შესახებ. ამგვარი კრიმინალური ქმედებების უკან უზარმაზარი ფინანსური უზრუნველყოფა დგას, რომლის ერთ-ერთი წყაროა მოპოლისტური კომპანია „სოკარი“, რომელიც წინა ხელისუფლებიდან მოყოლებული საქართველოს ბაზრის 80%-ს ფლობს. მას ქვეყანაში უხარისხო საწვავი შემოაქვს, ხოლო 1 კუბამეტრ გაზს 350 დოლარად ჰყიდის, რაც ევროპაში ყველაზე მაღალი ღირებულებაა. ეს ყოველივე „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებაში მოსაბრუნებლად ხორციელდება, რათა ქვეყანაში ისევ აღდგეს უკანონობა, ელიტარული კორუფცია, სამხედრო ავანტიურა, ტერიტორიების დაკარგვა-გასხვისება, ბიუჯეტის ქურდობა, სასამართლოს და პარლამენტის გადაქცევა ჯიბის ნოტარიუსებად, მოქალაქეთა ქონების ჩამორთმევა, პატიმრების ცემა-წამება, გაუპატიურება“, – განაცხადა შატბერაშვილმა.
პოლიტიკოსის განმარტებით, „სოკარი“ „ნაციონალური მოძრაობის“ აქციებს აფინანსებს, რადგანაც კომპანია საქართველოში მონოპოლისტია და მას არ უნდა, მისი მონოპოლია დაირღვეს. მისივე თქმით, „სოკარი“ საქართველოს „გაზპრომისგან“ შეძენილ გაზს აწვდის.
„იმაზე აპელირება, რომ რუსული გაზი ეს საქართველოში პუტინის შემოსვლაა, სისულელეა, რადგანაც თვითონ „სოკარი“ გაზს “გაზპრომისგან“ ყიდულობს. „შაჰდენიზი 2“, რომელიც ჯერ ამოქმედებული არ არის და მხოლოდ „შაჰდენიზი პირველია“ ამოქმედებული, ნამდვილად არ აწარმოებს და ვერ მოიპოვებს იმდენ გაზს, რაც აზერბაიჯანისთვისაც და საქართველოსთვისაც საკმარისი იქნებოდა. ამიტომ თვითონ “სოკარი” გაზს „გაზპრომისგან“ ყიდულობს და საქართველოში გადაყიდვას აწარმოებს. ამავე დროს, სერიოზული პერსპექტივა იზრდება, რომ საქართველოში ირანული გაზი შემოვიდეს და საქართველო-თურქეთის გავლით ბულგარეთში გავიდეს. შესაძლებელია, თურქეთი არც გაიაროს გაზმა და საქართველო-სომხეთის მეშვეობით პირდაპირ მოხვდეს ბულგარეთში. სწორედ ამ მონოპოლიის დაკარგვის ეშინია „სოკარს“. ჩვენ საუბარი გვაქვს მონოპოლიის დაშლაზე და არა იმაზე, რომ მას საქართველოში გაზის შემოტანა დაეშალოს. ჩვენი ხალხისთვის „გაზპრომის“ გაზი, ისევე, როგორც ირანული გაზის შემოსვლა, მომგებიანია, რასაც „ნაცმოძრაობა“ და „სოკარი“ ეწინააღმდეგება“,-აღნიშნა შატბერაშვილმა.
მისივე თქმით, 17 ოქტომბერს გასაჯაროებული ძალადობის და წამების კადრები ბოლო წვეთი გახდა, რათა პარტიას საკონსტიტუციო სასამართლოში „ნაციონალური მოძრაობის“ აკრძალვის შესახებ სარჩელი მოემზადებინა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები