ნიკა გვარამიამ მოსამართლე ურთმელიძესთან საკუთარი შეცდომა აღიარა

კომპანია პერსონალურად თქვენ გამო საფრთხეშია, – ასე მიმართა “რუსთავი 2“-ის გენერალურმა დირექტორმა, ნიკა გვარამიამ მოსამართლე თამაზ ურთმელიძეს.
როგორც გვარამიამ განაცხადა, იგი ნანობს, რომ იუსტიციის საბჭოზე მოსამართლე ურთმელიძის დანიშვნას მხარი დაუჭირა.
„კომპანია პერსონალურად თქვენ გამო საფრთხეშია. ძალიან ვწუხვარ, რომ თქვენს დანიშვნაზე ხელი მაქვს აწეული. ეს კარგად მახსოვს, ვწუხვარ, რომ ეს ჩემი ცხოვრების ყველაზე ირონიული შეცდომაა. ტრაგიკულია, რომ ჩემი ხმა გადამწყვეტი იყო თქვენს დანიშვნაზე. ასეთი მძიმე შეცდომა ჩემს ცხოვრებაში არ დამიშვია. ბედის ირონიაა, რომ აქ თქვენ წინაშე მიწევს დღეს დგომა. იუსტიციის საბჭოზე მოსამართლის დანიშვნაზე ჩემი ხელის აწევა შეცდომად მიმაჩნია“, – განაცხადა გვარამიამ.
ასევე, ნიკა გვარამიას მიაჩნია, რომ მოსამართლე თამაზ ურთმელიძე დღეს ქვეყანას თავისუფალ სიტყვას ართმევს.
„ეს ადამიანი დღეს ქვეყანას თავისუფალ სიტყვას ართმევს და არა ქიბარ ხალვაში, რომლის მონაწილეობაც ამ საქმეში არის ნულის ტოლი. გვაქვს თუ არა იმის უფლება, მივიჩნიოთ, რომ მოსამართლე ისეთი შეშინებულია ოჯახის წევრის დევნით, რომ ვერ იქნება ობიექტური ჩვენ მიმართ? ფაქტია, რომ ხელისუფლება იბრძვის „რუსთავი2“-ის წინააღმდეგ. თქვენ თუ გინდათ, ხელისუფლებას აამოთ, მარტივად შეგიძლიათ, აირჩიოთ რა მხარე უნდა დაიკაოთ ამ დავაში. ეს პროცესი პოლიტიზებულია. ჩვენ თქვენ გიძღვნით მამხილებელ სიუჟეტებს. დედათქვენზე გამოძიება მას შემდეგ დაიწყო, რაც ჩვენ სიუჟეტი გავუშვით და თქვენ გინდათ, თქვათ, რომ მიუკერძოებელი იქნებით ამის შემდეგ? თქვენ უკანონო გარიგებაში ხართ შესული. ჩვენ ურთიერთშეურაცხოყოფის რეჟიმში ვართ და ეს არ არის ეჭვის საბაბი, რომ ობიექტური არ იქნებით? როგორც არ უნდა მოიქცეთ, თქვენი გადაწყვეტილება იქნება უკანონო და უსამართლო“, – განაცხადა გვარამიამ.
ასევე, გვარამიამ მოსამართლეს ურჩია, რომ “რუსთავი 2”-ის საქმე სხვა მოსამართლეს გადაასცეს.
„მოწინააღმდეგე მხარეს სთავაზობს ობიექტურ და ნეიტრალურ ველზე გავარკვიოთ, ვინ არის მართალი. თუ მართლა არ გეშინიათ მანანა კობახიძის ულტიმატუმების, რომლის თანახმადაც, თუ საქმეს აიცილებთ, დატოვებთ სასამართლოს, გირჩევთ, რომ ამ პროცესის დატოვებით შემოიფარგლოთ. დიდი იმედი მაქვს, რომ თვითგადარჩენის ინსტიქტი გიკარნახებთ იმას, რომ ამ პროცესს უნდა გაემიჯნოთ. ჩვენ ვართ თქვენ წინააღმდეგ მხილებელ რეჟიმში, ჩვენ ურთიერთშეურაფხცყოფის რეჟიმზე ვართ გადასული და ამის პირობებში თქვენ შუძლებელია, იყოთ ნეიტრალური და ობიექტური. ადამიანურად გირჩევთ, გადასცეთ ეს საქმე სხვა მოსამართლეს“, – განაცხადა ნიკა გვარამიამ.
მოპასუხე მხარემ დააყენა მოსამართლის აცილების შუამდგომლობა და აღნიშნულ შუამდგომლობაზე პოზიციის ჩამოსაყალიბებლად მოსარჩელე მხარემ დრო ითხოვა. შეგახსენებთ, საქალაქო სასამართლოში ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის წინააღმდეგ ბიზნესმენ ქიბარ ხალვაშის სარჩელზე სასამართლო სხდომა მიმდინარეობს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები