ომბუდსმენი სკანდალურ კადრებზე: ყველა დამნაშავე პირმა უმოკლეს დროში უნდა აგოს პასუხი
წამებისა და სექსუალური ძალადობის ამსახველი ვიდეოკადრების ინტერნეტში გავრცელებასთან დაკავშირებით დაწყებულ გამოძიებას მონიტორინგს სახალხო დამცველის აპარატი გაუწევს.
ამის შესახებ ომბუდსმენის აპარატის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული.
„უკანონო მიყურადებისა და ფარული ჩანაწერების საკითხებზე მომუშავე დროებითმა კომისიამ, რომლის წევრი სახალხო დამცველიც იყო, ფარული ჩანაწერების დიდი ნაწილის განადგურებაზე უარი თქვა მხოლოდ იმ მიზნით, რომ გამოძიება სრულყოფილად ჩატარებულიყო და ყველა დამნაშავე პირს ეგო პასუხი. მუშაობის დასრულების შემდეგ, 2014 წლის 31 იანვარს კომისიამ გამოაქვეყნა ანგარიში და რეკომენდაცია მისცა შესაბამის ორგანოებს, ეფექტური გამოძიება ჩაეტარებინათ უკანონო ქმედებებში მონაწილე პირთა დასჯის მიზნით. სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოებმა, ერთი მხრივ, ყველა ზომა უნდა გაატარონ მსგავსი კადრების გავრცელების პრევენციისათვის, ხოლო გავრცელების შემთხვევაში, ისე როგორც ეს მოხდა 17 ოქტომბერს, ყველა დამნაშავე პირმა უმოკლეს დროში უნდა აგოს პასუხი”, – ნათქვამია ომბუდსმენის აპარატის განცხადებაში.