პროკურორთა კონფერენციამ საპროკურორო საბჭოს რვა წევრი 17 კანდიდატიდან უნდა შეარჩიოს
პროკურორთა კონფერენციამ საპროკურორო საბჭოს რვა წევრი 17 კანდიდატიდან უნდა შეარჩიოს. როგორც ჟურნალისტებს საქართველოს მთავარი პროკურატურის საპროკურორო საქმიანობაზე ზედამხედველობისა და სტრატეგიული განვითარების დეპარტამენტის უფროსმა ნათია მეზვრიშვილმა განუცხადა, თორმეტმა საინიციატივო ჯგუფმა მთავარ პროკურორს, რომელიც აღნიშნული კონფერენციის თავმჯდომარეცაა, საბჭოს წევრობის 17 კანდიდატი წარუდგინა. პროკურორთა კონფერენციაზე ამ წუთებში კენჭისყრა მიმდინარეობს.
პროკურორთა კონფერენციამ კენჭი უნდა უყაროს დღვანდელი კონფერენციის დღის წესრიგსა და პროცედურებს. რეგლამენტის დამტკიცების შემდეგ დაგეგმილია საპროკურორო საბჭოს წევრობის კანდიდატების სიტყვით გამოსვლა. მეზვრიშვილის თქმით, ხვალ და ზეგ კენჭი ეყრებათ აღნიშნულ კანდიდატებს.
„რეგლამენტის დასამტკიცებლად აუცილებელია დამსწრე პირთა ხმათა უმრავლესობა. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ 528 პროკურორიდან პროკურორების უმრავლესობა – 438 პროკურორი და გამომძიებელი მონაწილეობს დღვანდელ კონფერენციაში და 438 პროკურორის და გამომძიებლის ნახევარზე მეტის ხმაა საჭირო იმისთვის, რომ დამტკიცდეს კონფერენციის რეგლამენტი. რეგლამენტის დამტკიცების შემდეგ დაგეგმილია საპროკურორო საბჭოს კანდიდატთა სიტყვით გამოსვლა და ალბათ ამით დასრულდება დღვანდელი დღე. ხვალ და ზეგ კენჭი ეყრებათ აღნიშნულ კანდიდატებს წინასწარ, ადმინისტრაციული კომიტეტის მიერ განსაზღვრული თანამიმდევრობის მიხედვით“,- განაცხადა მეზვრიშვილმა.
ამასთან, მთავარი პროკურორის გიორგი ბადაშვილის განცხადებით, მთავარი პროკურორის შერჩევის პროცესი 12 ნოემბრამდე გაგრძელდება.
“იუსტიციის მინისტრს დაწყებული აქვს კონსულტაციები ამ თემაზე. პროცესი გაგრძელდება დაახლოებით 12 ნოემბრამდე და უკვე ამის შემდეგ მოხდება კანდიდატების კენჭისყრა საბჭოზე, შემდეგ მისი მთავრობისთვის წარდგენა და პარლამენტის მიერ დამტკიცება”, – აღნიშნა გიორგი ბადაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ საპროკურორო საბჭოს 15 წევრიდან რვა წევრი პროკურატურის მოქმედ თანამშრომლებს ეყოლებათ. ახალი მთავარი პროკურორი 6 წლის ვადით აირჩევა.