დავით ნარმანია ადასტურებს, რომ ე.წ. კასრების საქმეზე დაკავებული ერთ-ერთი პირი მისი ბიძაშვილია

ჩემი ძმა იცავდა მხოლოდ და მხოლოდ საკუთარი ბიძაშვილის უფლებებს, რომელიც დაკავებულია და დღემდე ზის”,-ამ განცხადებით თბილისის მერმა დავით ნარმანიამ დაადასტურა, რომ ე.წ. კასრების საქმეზე დაკავებული ერთ-ერთი პირი – კობა თოდუა მისი ბიძაშვილია.
ნარმანიას თქმითვე, მისი ბიძაშვილის-კობა თოდუას ინტერესების დამცველი კი მისი ძმა იყო, რომელიც ადვოკატია.
” მიმდინარეობს გამოძიება და ჯობს, გამოძიების პროცესს დაველოდოთ და ამის შემდეგ გავაკეთოთ შეფასება“, – განუცხადა ნარმანიამ ჟურნალისტებს და დასძინა, რომ აღნიშნულ საქმესთან მის ბიძაშვილს რაიმე კავშირი არ ჰქონია.
საქართველოს მთავარი პროკურატურის ინფორმაციით, აღმოჩენილ ჩანაწერებთან დაკავშირებით ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2011 წელს ორ პიროვნებას, უკანონოდ აღუკვეთეს თავისუფლება და მიიყვანეს ზუგდიდის რაიონის ტყეში არსებულ სპეციალურად მოწყობილ კონსპირაციულ მიწურში, სადაც შსს სამეგრელო-ზემო სვანეთის მთ. სამმართველოს უფროსის მოადგილემ მეგის ქარდავამ, ამავე სამმართველოს თანამშრომლებმა კოხტა კოდუამ, დავით ჩაგინავამ, თავდაცვის სამინისტროს დეპარტამენტის უფროსის მოადგილემ კობა თოდუამ და თეიმურაზ უბირიამ არარსებული ტერორისტული აქტის მომზადების აღიარების მისაღებად სასტიკად სცემეს, გააშიშვლეს, დააბეს მაგიდაზე და აწამეს. ამის შემდეგ აღნიშნულ პირების ბოლომდე გატეხვის მიზნით მათზე განხორციელდა გაუკუღმართებული სექსუალური კონტაქტი ძალადობით. აღნიშნულ სასტიკ ძალადობრივ ქმედებებს ვიდეოკამერით იღებდა კოხტა კოდუა.
კობა თოდუა ცნობილ იქნა დამნაშავედ – სსკ-ის 1441-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“, „ზ“ და „ე“ ქვეპუნქტებით, სსკ-ის 143-ე მუხლის მესამე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, რაც გულისხმობს წამებას და თავისუფლების უკანონოდ აღკვეთას. თოდუას საბოლოო სასჯელის ზომად 9 წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები