ირაკლი ღარიბაშვილი: მასალა, რაც გუშინ გავრცელდა, ინახება პროკურატურაში

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ადასტურებს, რომ მედიით გავრცელებული წამების ამსახველ ვიდეოში მისი შინაგან საქმეთა მინისტრობის დროს აღმოჩენილი კადრებია. პრემიერის თქმით, მას არ ჰქონდა უფლება და ვერ გაანადგურებდა ამ კადრებს, რომლებიც არის დანაშაულის შემცველი.
როგორც ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებთან საუბარშიგანმარტა, განადგურდა პირადი ცხოვრების ამსახველი კადრები, ხოლო ეს მასალა, რაც გუშინ გავრცელდა, ინახება პროკურატურაში და დევს კონკრეტულ საქმეში.
“მოგეხსენებათ, მე ვიყავი მაშინ შს მინისტრი, როდესაც გამოვავლინეთ ეს მძიმე დანაშაული. ოპერატიულად გამოვიძიეთ ეს საქმე და ყველა დამნაშავე პირი იქნა დასჯილი. ისინი არიან ციხეში, მისჯილი აქვთ 9 თუ 12 წელი და ა.შ.. არავინ არ არის გათავისუფლებული. ერთი იყო გაქცეული და ჩამოვიყვანეთ და თუ არ ვცდები 1-2 კიდევ იძებნება, მაგრამ ყველას მიესაჯა ის, რასაც იმსახურებდნენ”, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
პრემიერის თქმით, სიცრუეა, რომ თითქოს ის ამ კადრების განადგურებას ვინმეს დაჰპირდა. როგორც ღარიბაშვილმა აღნიშნა,  ის კანონზე მაღლა არ დგას და აღნიშნული კადრების განადგურების უფლებამოსილება არ ჰქონდა.
“ეს არის ტყუილი და ნუ შეგყავთ მოსახლეობა შეცდომაში. რომც გამენადგურებინა ეს კადრები, გამორიცხავთ იმის ალბათობას, რომ ამ კადრების დუბლიკატები არსებობდა?! ან გამორიცხავთ იმას, რომ ის, რაც უკვე გავანადგურეთ, იმის ასლები არ არსებობს? რა თქმა უნდა არა, იმიტომ, რომ ეს იყო მათი სისტემა და ისინი ამით ტკბებოდნენ, სააკაშვილი და მისი გუნდის წევრები, პარლამენტის წევრები დღეს რომ გრძელი ენები აქვთ. მე დარწმუნებული ვარ, რომ ისინი ამ კადრებს უყურებდნენ და ხდებოდა ამ კადრების გარჩევა. ასეთი ავადმყოფი ხალხი იყო ქვეყნის სათავეში”, – აღნიშნა პრემიერმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები