როგორ დაათმობინეს მილიონიანი ქონება ბიზნესმენს – „ახალგაზრდა ადვოკატები“ მთავრობის სახელზე დაწერილ განცხადებას ასაჯაროებს

ორგანიზაცია „ახალაზრდა ადვოკატები“, ლისის ტბის გასხვისების საქმესთან დაკავშირებით, სკანდალურ დოკუმენტს აქვეყნებს, რომლის საფუძველზეც, სახელმწიფომ მაშინდელი ფინანსური პოლიციის მეშვეობით, ბიზნესმენ რამაზ ახვლედიანის მიმართ ტოტალური ზეწოლა განახორციელა და ქონება მას ღამის საათებში დაათმობინეს.
„ახალგაზრდა ადვოკატების“ ხელმძღვანელმა არჩილ კაიკაციშვილმა ბიზნესმენ რამაზ ახვლედიანთან ერთად პორტალ „კვირას“ პრესკლუბში გაასაჯაროვა დოკუმენტი-განცხადება, რომელიც ბიზნესმენ რამაზ ახვლედიანს მაშინდელ ფინანსურ პოლიციაში, 2006 წლის 4 ნოემბერს დააწერინეს, რითაც, მას როგორც ქონება, ასევე ბიზნესი წაართვეს.
ბიზნესმენს განცხადება საქართველოს მთავრობისა და ქალაქ თბილისის მერიის სახელზე დააწერინეს. განცხადებაზე რეგისტრირებულია მისი თვითმმართველობის ორგანოში ოფიციალური რეგისტრაციის ნომერიც და თარიღიც. დოკუმენტი მიუთითებს, რომ თბილისის მერიაში, რამაზ ახვლედიანის განცხადება რეგისტრირებულია განცხადებაზე ხელმოწერიდან მეოთხე დღეს – 8 ნოემბერს. არჩილ კაიკაციშვილის შეფასებით, წარმოდგენილი დოკუმენტი პირველი საჯარო დადასტურებაა, თუ როგორ ხდებოდა ქონების დასათმობად მესაკუთრეთა განცხადებების მომზადება. მისივე თქმით, ორგანიზაციამ აღნიშნული დოკუმენტი, მრავალთვიანი კომუნიკაციის შედეგად, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან მიიღო.
„კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე ბიზნესმენმა რამაზ ახვლედიანმა ქონების გადაფორმების დეტალები გაიხსენა. მისი განცხადებით, 2006 წლის 4 ნოემბერს, ის მაშინდელ ფინანსურ პოლიციაში დაიბარეს და ქონების სახელმწიფოს სასარგებლოდ დათმობა მოსთხოვეს, წინააღმდეგ შემთხვევაში, როგორც მას, ასევე მის ახლობლებს პატიმრობით დაემუქრნენ. რამაზ ახვლედიანი იძლებული გახდა, თბილისის მაშინდელი მერიისა და მთავრობის სახელზე დაეწერა განცხადება და ეღიარებინა, რომ 1999 წლის საიჯარო ხელშეკრულებით, ასევე პრეზიდენტის 2006 წლის 14 ივლისის განკარგულებით ნაკისრი ვალდებულებები ვერ შეასრულა და მოითხოვა საიჯარო ხელშეკრულების გაუქმება, რომლის მიხედვითაც, მას გადაეცა ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორია და რომელიც ბიზნესმენს უკვე გამოსყიდული ჰქონდა. წერილში, ნების საწინააღმდეგოდ, რამაზ ახვლედიანმა უარი განაცხადა პრეზიდენტის განკარგულებით გადაცემულ 63,5 ჰა არასასოფოლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის საკუთრებაში მიღების უფლებაზეც და ეკონომიკის სამინისტროსგან უკვე გამოსყიდულ შენობა-ნაგებობებზეც. ბიზნესმენის განცხადებიდან მე-6 დღეს, 2006 წლის 10 ნოემბერს, საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა გამოსცა ახალი განკარგულება და 1999 წელს რამაზ ახვლედიანის მიერ შეძენილი და 2006 წელს კი პრეზიდენტის განკარგულებითვე გადაცემული ქონება ჩამოართვა.
ორგანიზაციის მიერ შესწავლილი დოკუმენტების მიხედვით, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის განკარგულების საფუძველზე, 2006 წლის 14 ივლისს, ლისის ტბის მიმდებარედ არსებული 63.5.ჰა არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი პირდაპირი განკარგვის წესით საკუთრებაში გადაეცა რამაზ ახვლედიანს, ხოლო 267 ჰა არასასოფლო – სამეურნეო მიწის ნაკვეთი პირდაპირი განკარგვის წესით საკუთრებაში გადაეცა სს „ლისის ტბას“, რომლის ერთ-ერთი მეწილეც რამაზ ახვლედიანი იყო.
პრეზიდენტის განკარგულებით, განსაზღვრული პირობები უნდა შესრულებულიყო 2006 წლის 31 დეკემბრამდე. კერძოდ, უნდა დაწყებულიყო ლისის ტბის რეაბილიტაციის პროცესი, უნდა მომხდარიყო აღნიშნული ტერიტორიის დასუფთავება, ლისის ტბის კომპლექსის განვითარების აქტის მომზადება, შესაბამისი ნებართვების მიღების შემდეგ უნდა დაწყებულიყო მშენებლობა და სხვა. მიუხედავად იმისა, რომ პირობების უმეტესობა უკვე შესრულებული იყო, 2006 წლის 10 ნოემბერს, საქართველოს პრეზიდენტმა გამოსცა ახალი განკარგულება და ძალადაკარგულად გამოაცხადა რამაზ ახვლედიანისთვის, 2006 წლის 14 ივლისს გადაცემული ლისის ტბის ნაკვეთები.
„პრეზიდენტმა ახალი განკარგულების მიზეზად დაასახელა ბიზნესმენის მხრიდან შეუსრულებელი ვალდებულებები, რაც საქმეში არსებული არცერთი დოკუმენტით არ მტკიცდება. აღსანიშნავია, რომ პრეზიდენტმა ახალი განკარგულება გამოსცა სწორედ იმ ვითარებაში, როდესაც რამაზ ახვლედიანის მხრიდან ყველა პირობა უკვე შესრულებულიყო იყო და 2006 წლის 14 ივლისის განკარგულებითვე აღიარებული ამ პირობების შესრულების საბოლოო ვადაც – 2006 წლის 31 დეკემბერი, ჯერ დამდგარი არ იყო. შესაბამისად, როდესაც პირობების შესრულებისათვის განსაზღვრული ვადა ჯერ ისევ არსებობდა, ამ ფაქტობრივი გარემოებიდან გამომდინარეც, ვადის გასვლამდე მსჯელობა, რომ ბიზნესმენმა რომელიმე ვალდებულება არ შეასრულა, წარმოადგენდა უსაფუძვლოს და უკანონო გადაწყვეტილებას“,- აღნიშნა არჩილ კაიკაციშვილმა.
„ახალგაზრდა ადვოკატების“ შეფასებით, რამაზ ახვლედიანის საქმეში ღია და აშკარა დანაშაულის ნიშნები იკვეთება. კაიკაციშვილის განცხადებით, რამაზ ახვლედიანმა, რომელმაც მნიშვნელოვანი ინვესტიცია განახორციელა ლისის ტბის განვითარებისთვის, ფლობდა და უძღვებოდა ბიზნესს, შეასრულა სახელმწიფოს წინაშე ყველა ნაკისრი ვალდებულება, სახელმწიფო ზეწოლის შედეგად, პირადი და ახლობლების თავისუფლების შენარჩუნების ხარჯზე, უარი თქვა საკუთრებაზეც და ბიზნესზეც.
ამჟამად, საქმეს საქართველოს მთავარი პროკურატურის სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების დეპარტამენტი სწავლობს. „ახალგაზრდა ადვოკატები“ რამაზ ახვლედიანის საქმეზე მონიტორინგის შედეგებს 2015 წლის ნოემბერში გამოაქვეყნებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები