მოროშკინა აგრამუნტის ღია წერილით მიმართავს: ნუ ცდით 320 000 ადამიანის მოთმინებას, რომლებმაც ეს კოშმარი გამოიარეს!
არასამთავრობო ორგანიზაცია “ძლიერი ქალი ძლიერი სახელმწიფოს“ თავმჯდომარე ლალი მოროშკინა ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მომხსენებელს პედრო აგრამუნტის ღია წერილით მიმართავს, რომელსაც “კვირა“ უცვლელად გთავაზობთ:
“ბატონო პედრო, მე, როგორც მრავალათასიანი არასამთავრობოს ხელმძღვანელი, რბილად რომ ვთქვა, შეშფოთებას გამოვთქვამ თქვენს პოზიციასთან დაკავშირებით, რომელიც თქვენ “კვირის პალიტრასთან” ინტერვიუში დააფიქსირეთ. თქვენ ღიად დაადანაშაულეთ მმართველი გუნდი უდანაშაულობის პრეზუმფციის დარღვევაში, და დაიწუნეთ ყოფილი მთავრობის წევრების პირობები ციხეში. მინდა შეგახსენოთ, რომ პირადად მე ახალ მთავრობასთან ერთად, როგორც სასჯელაღსრულების მინისტრის მრჩეველი:
1. ვხურავდი ძველ ციხეებს, რომლებიც თავისი პირობებით მხოლოდ ფაშისტების საკონცენტრაციო ბანაკებს უტოლდებოდა! 2.პირადად ვნახულობდი გაუპატიურებულ არასრულწლოვანებს, რომელთა ასეთი ფორმით დასჯა სწორედ რომ სახელმწიფო ვერტიკალიდან მოდიოდა! 3.ჩვენ შევაჩერეთ წამება ციხეებში! 4.ჩვენ მოვახერხეთ, დროული დახმარება აღმოგვეჩინა ათასობის ჭლექიანი, დიაბეტიანი და ასობით შიდსიანი მსჯავრდებულებისათვის, რომლებიც სასიკვდილოდ იყვნენ განწირული! 5.ჩვენ პატიმრები გამოვიყვანეთ დაწესებულებებიდან, სადაც ისინი ყველა კანონის დარღვევით წლობით, არც სუფთა ჰაერზე გაჰყავდათ და არც თეთრეულს უცვლიდნენ! 6.ჩვენ რადიკალურად შევცვალეთ კვება, რომელიც ითვალისწინებდა საკვებზე დანამატის სახით ტექნიკური ზეთის დასხმას – რაც ერის გენოციდის ტოლფასია! 7.ჩვენ დავაგეთ ჯანმრთელი საფარი ქალთა დაწესებულებაში, რადგან სააკაშვილის რეჟიმის თითქმის არცერთ პატიმარ ქალს არ შერჩა საშვილოსნო! 8.ჩვენ ვიზრუნეთ 3 წლამდე პატარებზე, რომლებიც დედებთან ერთას იხდიან სასჯელს! 9.სამი წლის განმავლობაში არ დაფიქსირებულა ციხიდან, დღისით თუ ღამით ქონების გადაფორმების არც ერთი ფაქტი! მე პირადად ჯერ არ მიმიღია პასუხი მთავარ კითხვაზე: ვინ ფატრავდა ციხეებში გვამებს, და სად მიდიოდა ორგანოები?
ბატონო პედრო, მე სიამოვნებით გადმოგცემთ არქივს, რათა თქვენ და თქვენი თანამოაზრეები დავარწმუნო იმაში, რომ მთელი 9 წელი ნაციონალური რეჟიმი ქართველთა გენოციდით იყო დაკავებული! ჩემს არქივში მრავლადაა ციხის პირობების ამსახველი მასალები, რაც არასოდეს აღარ დაგაყენებთ იმ აზრზე, რომ დღეს ციხეში ვინმეს უფლებები დაირღვა! ნუ ცდით 320 000 ადამიანის მოთმინებას, რომლებმაც ეს კოშმარი გამოიარეს!“, – წერს მოროშკინა ღია წერილში.
ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მომხსენებლის, პედრო აგრამუნტის განცხადებით, მისთვის შემაშფოთებელი იყო ის პირობები, რომელშიც ექსპრემიერი ვანო მერაბიშვილი, ყოფილი მერი გიგი უგულავა და ყოფილი თავდაცვის მინისტრი ბაჩო ახალაია იმყოფებიან. ამის შესახებ აგრამუნტმა გაზეთ “კვირის პალიტრასთან” ექსკლუზიურ ინტერვიუში განაცხადა.