თამარ ბელქანია: როგორ ცვლიან საქართველოს ისტორიას
ეს წიგნი საინფორმაციო ომის ნიმუშია, რომელიც საქართველოს ისტორიას აყალბებს და ორი ქვეყნის ურთიერთობის აღდგენას სულაც არ უწყობს ხელს, – ასე აფასებს ჟურნალისტი, გადაცემა „ისტორიის გაკვეთილის“ ავტორი, თამარ ბელქანია წიგნს – “რუსეთ-საქართველოს ურთიერთობები”.
როგორც ჟურნალისტი „კვირასთან“ საუბრისას აცხადებს, წიგნში, 650 გვერდზე, სხვადასხვა ავტორის სტატიების კრებულში, საქართველოს გაყალბებული ისტორიაა ასახული და განსაკუთრებულ ყურადღებას სტატია “სიმართლე რუსეთ-საქართველოს ბოლო ხუთასი წლის ისტორიის შესახებ“ იქცევს, სადაც წერია, რომ რუსეთი საქართველოს დედაა და რომ საქართველოში არანაირი ოკუპაცია რუსეთის მხრიდან არ განხორციელებულა.
„ჟურნალმა ” სამმა საუნჯემ” სქელყდიანი წიგნი: “რუსეთ-საქართველოს ურთიერთობები” გამოსცა. წიგნი 5.5 ლარი ღირს და 650 გვერდზე სხვადასხვა ავტორის სტატიების კრებულს წარმოიდგენს. რედაქტორი კი თემურ მირიანაშვილი გახლავთ. ყურადღებას ბევრი სტატია იქცევს, განსაკუთრებით კი სტატია სათაურით: “სიმართლე რუსეთ- საქართველოს ბოლო ხუთასი წლის ისტორიის შესახებ,” საიდანაც ვიგებთ, რომ რუსეთია ჩვენი დედა და რომ საქართველოში არანაირი არც ოკუპაცია, არც აგრესია, რეპრესია, გენოციდი, რეოკუპაცია არ განხორციელებულა.
წიგნში “სიმართლის”ეგიდით იმდენი ტყუილია, ძნელია კითხვისას ემოცია დაბლოკო. იქ იმასაც წაიკითხავთ, რომ საქართველოს 19 საუკუნის აღმაშენებელი, თითქოს, მიხეილ ვორონცოვია. ეს წიგნი – პირველი, რომ ორი ქვეყნის ურთიერთობების აღდგენას არ უწყობს ხელს და მეორე – ტყუილი ვერასდროს იქნება ხსნა. საინფორმაციო ომის ეს კლასიკური ნუმუში, რომელიც ქვეყნის ისტორიის გაყალბებითაა დაკავებული, ნელი მოქმედებს ნაღმივითაა, რომელიც დროში ფეთქდება. ქართველი ისტორიკოსების ნაწილი სოციალურ ქსელში აპროტესტებს ამ წიგნს, თუმცა ქარავანი მაინც მიდის, რაც იმის მანიშნებელია, რომ ვისაც ქვეყანა რეალურად უყვარს და მისთვის ძვირფასია ჩვენი ქვეყნის რეალური ტრაგიკული ისტორია, გამოდით კაცი ქუდით (ღირსებით)! ჩვენ დღეს ისტორიას კი არ გვიყალბებენ, ან გვართმევენ, არამედ ისტორიას საერთოდ გვიშლიან, რომ ხვალ ჩვენც წავშალონ! როგორც უსასრულო ერი! ” – აცხადებს თამარ ბელქანია.