დიმიტრი ქუმსიშვილი: ჩვენ არ გვაქვს კორუფცია ქვეყანაში და ვართ სწორ გზაზე
მსოფლიო მმართველობის გრძელვადიანი კვლევის მიხედვით, ბოლო 18 წლის განმავლობაში საქართველოს ყველაზე მაღალი მაჩვენებლები 2014 წელს დაფიქსირდა – ამის შესახებ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
მინისტრის თქმით, გამოქვეყნდა მსოფლიო მმართველობის გრძელვადიანი კვლევა, რომელიც 1996-2014 წლების პერიოდს მოიცავს. 200 ქვეყანას შორის, სადაც კვლევის მიხედვით მმართველობის 6 ჯამური ინდიკატორია მოცემული, საქართველოს პოზიციები მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა. ეს ინდიკატორებია: გამოხატვის უფლება და ანგარიშვალდებულება, პოლიტიკური სტაბილურობა და ძალადობის/ტერორიზმის არარსებობა, მთავრობის ეფექტიანობა, რეგულაციების ხარისხი, კანონის უზენაესობა და კორუფციის კონტროლი.
„მსოფლიო მმართველობის ექვსივე მაჩვენებლიდან კიდევ ერთხელ დასტურდება საქართველოს მთავრობის სწორი პოლიტიკა ბოლო წლების განმავლობაში, რაც, გარდა ამ კვლევისა, ასახულია სხვა ავტორიტეტულ რეიტინგებშიც. ბოლო ორი წლის განმავლობაში საქართველოს პროგრესი აქვს ყველა მიმართულებით“, – განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.
როგორც მინისტრმა აღნიშნა, ეს მონაცემები ეყრდნობა არაერთი კვლევის კომბინირებულ შედეგს.
„ეს არის ძალიან ბევრი ორგანიზაციის კვლევა, რომლიდანაც საბოლოოდ გამოდის ერთი შეწონილი ქულა ყველა იმ კონკრეტული მიმართულებით, რაზეც უკვე მოგახსენეთ და შესაბამისად, ეს არის ერთ-ერთი ყველაზე სანდო რეიტინგი, რომელიც მსოფლიოში ქვეყნდება მმართველობის შესაფასებლად“, – განაცხადა მინისტრმა. დიმიტრი ქუმსიშვილის შეფასებით, საბოლოო ჯამში, ეს ნიშნავს იმას, რომ მთავრობა მუშაობს ეფექტიანად.
„ჩვენ არ გვაქვს კორუფცია ქვეყანაში და ვართ სწორ გზაზე, ჩვენ არ გვაქვს ქვეყანაში ძალადობა და არის კანონის უზენაესობა. შესაბამისად, საბოლოო ჯამში, ეს არის საწინდარი იმისა, რომ ქვეყანაში მოვახერხოთ და მოვიზიდოთ უფრო მეტი ინვესტიციები, შევქმნათ ჩვენი მოსახლეობის ღირსეული საცხოვრებელი პირობები და მოვახდინოთ ბიზნესის განვითარების სტიმულირება“, – აღნიშნა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა.
პრესკონფერენციის დასკვნით ნაწილში მინისტრმა ხაზგასმით ისაუბრა იმის შესახებ, რომ გამოქვეყნებული რეიტინგები კიდევ ერთხელ ადასტურებს მთავრობის მუშაობის სწორ მიმართულებებს.
„მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი ოპონენტები მუდმივად გვიკიჟინებენ და ტელევიზიებით მიდის პროპაგანდა, რომ არასწორ გზაზე ვდგავართ, საერთაშორისო რეიტინგები სხვა რამეს აჩვენებს. გასულ კვირაში ძალიან ბევრი ვისაუბრეთ იმ შედეგებზე, რომელიც გვაქვს ეკონომიკაში. მიუხედავად იმისა, რომ გვაქვს საგარეო შოკები, ჩვენ გვაქვს პოზიტიური მიმართულება, კერძო სექტორი ქმნის სამუშაო ადგილებს, შესაბამისად, პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებში ჩვენ დადებითი და პოზიტიური ტრენდი გვაქვს, ასევე პოზიტიური ტრენდი გვაქვს სამუშაო ადგილების შექმნაში. შესაბამისად, ეს არის მეორე კომპონენტი, რომელიც ეხება მთავრობის სწორ მმართველობას და ამ ნაწილშიც ის რეიტინგები, რომლებიც გამოქვეყნდა, კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ საქართველოს მთავრობა დღეს რეალურად სწორი მიმართულებით მუშაობს. ეს არ არის უბრალოდ ჩვენი შეგრძნება და არ ვართ თვითკმაყოფილებაში“, – განაცხადა მინისტრმა და დასძინა, რომ ეს არის ნიშანი იმისა, რომ კიდევ უფრო მეტი გაკეთდეს და კიდევ უფრო გაუმჯობესდეს ეს შედეგები.
„პირველი არის სწორ გზაზე დადგომა და შემდეგ უკვე შედეგების მიღწევა. ძალიან ბევრია კიდევ გასაკეთებელი ყველა მიმართულებით, მიუხედავად იმისა, რომ პრაქტიკულად, ზედა ზღვართან ვართ მისულები ძალიან ბევრ ინდიკატორთან, მაგრამ, კიდევ გავიმეორებ, ეს იმის მანიშნებელია, რომ რეფორმები მუდმივად უნდა გატარდეს“, – განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.
ეკონომიკის სამინისტრო მსოფლიო მმართველობის გრძელვადიანი კვლევის შედეგების შესახებ ინფორმაციას აქვეყნებს.
„გამოხატვის უფლება და ანგარიშვალდებულება“ – 2014 წელს 2012 წელთან შედარებით საქართველოს პოზიცია რეიტინგში 16 ადგილით გაუმჯობესდა. ამ რეიტინგში საქართველოს შემდეგ მოხვდნენ მოლდოვა, უკრაინა, სომხეთი, რუსეთი, აზერბაიჯანი. პოლიტიკური სტაბილურობა და ძალადობის/ტერორიზმის არარსებობა“- 2014 წელს 2012 წელთან შედარებით საქართველოს რეიტინგი 27 ადგილით გაუმჯობესდა. რეიტინგში საქართველო უსწრებს აზერბაიჯანსა და უკრაინას.მთავრობის ეფექტიანობა“- 2012 წელთან შედარებით საქართველომ რეიტინგი გაიუმჯობესა 3 პუნქტით და 2014 წელს მე-60 ადგილი დაიკავა. ამ მაჩვენებლით საქართველომ გაუსწრო როგორც რეგიონის, ასევე ევროკავშირის წევრ ქვეყნებს: საბერძნეთს, თურქეთს, იტალიას, ბულგარეთს, რუმინეთს, სომხეთს, აზერბაიჯანს, ალბანეთს, რუსეთს და მოლდოვას. (აღსანიშნავია, რომ მთავრობის ეფექტიანობის მხრივ 2014 წლის მაჩვენებელი არის საუკეთესო ბოლო 18 წლის განმავლობაში), “რეგულაციების ხარისხი“- 2014 წელს 2012 წელთან შედარებით საქართველოს რეიტინგი 14 ადგილით გაუმჯობესდა და ქვეყანა 44 ადგილზე დასახელდა.
ამ ინდიკატორის მიხედვით, საქართველო უსწრებს როგორც მეზობელ ქვეყნებს – სომხეთს, აზერბაიჯანს, თურქეთს, ასევე ევროკავშირის წევრ ქვეყნებს, მათ შორის სლოვაკეთს, უნგრეთს, ესპანეთს, პორტუგალიას, იტალიას, სლოვენიას, ბულგარეთს, რუმინეთს, საბერძნეთს და ხორვატიას.„კანონის უზენაესობა“- 2014 წელს 2012 წელთან შედარებით საქართველომ რეიტინგი 22 ადგილით გაიმჯობესა და 97-დან 75 ადგილზე გადაინაცვლა. კანონის უზენაესობის მხრივ საქართველოს ჩამორჩებიან ევროკავშირის წევრი ქვეყნები, მათ შორის რუმინეთი და ბულგარეთი. საქართველოს შემდეგ დასახელდა ასევე მოლდოვა, უკრაინა, სომხეთი, აზერბაიჯანი, რუსეთი.„კორუფციის კონტროლი“ – 2014 წელს 24 ადგილით გაუმჯობესდა საქართველოს რეიტინგი კორუფციის კონტროლის მხრივ. საქართველოს შემდეგ დასახელდნენ ევროკავშირის ისეთი ქვეყნები, როგორიცაა პოლონეთი, ლიტვა, უნგრეთი, ჩეხეთი, ლატვია, სლოვაკეთი, იტალია, ხორვატია, ბულგარეთი, საბერძნეთი, რუმინეთი, ალბანეთი. საქართველოს ჩამორჩებიან ასევე სომხეთი, მოლდოვა, რუსეთი, უკრაინა და აზერბაიჯანი“,-აღნიშნულია ეკონომიკის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.