„საქართველო კლიმატური ცვლილებებისგან საკმაოდ დაუცველია“

საქართველო, განსაკუთრებული გეოგრაფიული მდებარეობისა და მრავალფეროვანი კლიმატური პირობების გამო, კლიმატური ცვლილებებისგან საკმაოდ დაუცველია, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მეოთხე ინტერაქტიულ დიალოგში – „ჩვენი პლანეტის დაცვა და კლიმატურ ცვლილებებთან ბრძოლა“ განაცხადა, რომელიც 2015 წლის გაეროს მდგრადი განვითარების სამიტის ფარგლებში გაიმართა.
ირაკლი ღარიბაშვილმა სიტყვით გამოსვლისას კლიმატურ ცვლილებებთან ბრძოლას 21-ე საუკუნის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი გამოწვევა უწოდა და თბილისში ივნისში მომხდარ სტიქიაზე ისაუბრა.
„წელს ზაფხულში ჩვენს დედაქალაქში, თბილისში, დატრიალდა სტიქიური უბედურება, წყალმოვარდნა, რომელმაც სავალალო შედეგები იქონია ადამიანებსა და ინფრასტრუქტურაზე. ეს ტრაგედია კიდევ ერთი მიზეზია, თუ რატომ უნდა გავაათმაგოთ ჩვენი ბრძოლა კლიმატურ ცვლილებებთან“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა და აღნიშნა, რომ დღეს მსოფლიოს წინაშე დგას გარემოსდაცვითი გამოწვევები, რომლებიც საფრთხეს უქმნის სასმელი წყლის ხარისხს, აბინძურებს ბუნებრივ რესურსებს და უზარმაზარ ზიანს აყენებს კერძო პირებისა და ინდუსტრიის მთელი დარგების საკუთრებას.
მისივე თქმით, ე.წ მწვანე განვითარებისადმი საქართველოს ერთგულება ურყევია.
„ჩვენ ამას ვახორციელებთ მთელი საქართველოს მასშტაბით დაბალი ნახშირბადის გამოყოფის ტექნოლოგიებში ინვესტიციების წახალისების გზით, რის შედეგადაც შესაბამისი რაიონების მოსახლეობა დაცული იქნება ზიანისგან. შესაბამისად, საქართველო დგამს ნაბიჯებს, რათა კლიმატური რისკები და მათგან დაცულობის უზრუნველყოფა გათვალისწინებული იყოს განვითარების დაგეგმარებასა და განხორციელებაში“, – აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.
პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ საქართველო, როგორც გაეროს კლიმატური ცვლილებების ჩარჩო-კონვენციის ხელმომწერი 1994 წლიდან, უპირობო მხარდაჭერას უცხადებს ამ კონვენციისა და მის ფარგლებში წარმოებული მოლაპარაკებების მიზნებს.
მისი თქმით, 2013 წელს საქართველომ, აშშ-ის მთავრობის მხარდაჭერით, დაიწყო დაბალი ემისიის განვითარების სტრატეგიის შემუშავება და მიღწეული შედეგების საფუძველზე მოამზადა ეროვნულ დონეზე განსაზღვრული წვლილის დოკუმენტი, რომელიც განსახილველად გაეროს კლიმატური ცვლილებების ჩარჩო-კონვენციის სამდივნოს მიეწოდება.
„ამ დოკუმენტში ასახულია ახალი, 2015 წლის შეთანხმების ფარგლებში დაგეგმილი ზომები, რომელთა მიზანიცაა 2020 წლის შემდგომი კლიმატური ცვლილებების ნეგატიური შედეგების მინიმალიზაცია. ეროვნულ დონეზე განსაზღვრული წვლილის დოკუმენტის მომზადებისას გათვალისწინებული იყო მდგრადი განვითარების მიზნები და ადგილობრივი პირობები. გარდა ამისა, საქართველო მზად არის, შეიმუშაოს და დანერგოს ეროვნულ დონეზე ნეგატიური შედეგების მინიმალიზაციის აუცილებელი ზომები და ტყის გაკაფვისა და დეგრადაციის შედეგად წარმოქმნილი ემისიის შემცირების მექანიზმი. საქართველო მხარს უჭერს ე.წ. ეკონომიკის მწვანე განვითარებას, რისთვისაც ხელს უწყობს თანამედროვე გარემოსდაცვითი ტექნოლოგიების დანერგვას, სუფთა სატრანსპორტო მომსახურების განვითარებას და უზრუნველყოფს მდგრად მოხმარებასა და წარმოებაზე გადასვლას“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
პრემიერის თქმით, საქართველო 2030 წლისთვის გეგმავს, „ბიზნესი, როგორც ასეთი“ სცენარის ფარგლებში 15 პროცენტით შეამციროს სათბურის აირების ემისია, რისთვისაც საერთაშორისო მხარდაჭერა სჭირდება.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, საქართველოსთვის ძალიან მნიშვნელოვანია ფინანსების ხელმისაწვდომობა, რომლებიც ქვეყანას საშუალებას მისცემს, განხორციელდეს ინვესტიციები ახალ ტექნოლოგიებში და მნიშვნელოვნად შემცირდეს სათბურის აირების ემისია.
პრემიერმა კიდევ ერთხელ დაადასტურა საქართველოს მზადყოფნა, თავისი წვლილი შეიტანოს ეროვნულ, რეგიონალურ და საერთაშორისო დონეებზე მდგრადი განვითარების მიზნების მიღწევაში. „იმისთვის, რომ უზრუნველვყოთ მდგრადი მომავალი და მომავალ თაობებს შევუნარჩუნოთ ჩვენი პლანეტა, აუცილებელია დღესვე გადავდგათ შესაბამისი ნაბიჯები“, – აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები