პროკურორი: ვაზაგაშვილისა და მისი თანხმლები პირების მიმართ საკონტროლო გასროლა განხორციელდა

დღეს დაკითხული ექსპერტების ჩვენებით დასტურდება, რომ ვაზაგაშვილისა და მისი თანხმლები პირების მიმართ საკონტროლო გასროლა განხორციელდა, – ამის შესახებ პროკურორმა ამირან გულუაშვილმა სასამართლო სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.
პროკურორის ინფორმაციით, დღეს დაიკითხნენ ექსპერტები, რომლებმაც დაადასტურეს, რომ ვაზაგაშვილსა და ხუბულოვს ცეცხლნასროლი დაზიანებები მარცხენა მხრიდან აქვთ მიყენებული.
მისივე თქმით, ექსპერტმა მაია ნიკოლაიშვილმა დაადასტურა, რომ გასროლა ახლო მანძილიდან მოხდა, რაც მათ მიმართ განხორციელებულ საკონტროლო გასროლას გულისხმობს.
ბრალდებულების ადვოკატი დავით ხაჟალია კი აცხადებს, რომ ნიკოლაიშვილს დაცვის მხარემ დაუსვა შეკითხვა ვაზაგაშვილის თავის არეში მიყენებული დაზიანებების შესახებ.
„ჩვენ დავსვით შეკითხვა, გამორიცხავდა თუ არა იგი ახლო მანძილიდან სროლისთვის დამახასიათებელი კვლების არსებობას. მან თქვა, რომ მას უშუალოდ არ გამოუკვლევია გვამი და ამასთან დაკავშირებით დაეყრდნო სხვა ექსპერტის, გოგოჭურის დასკვნას. ეს ცალსახად ადასტურებს იმას, რომ ახლო მანძილიდან გასროლა არ ყოფილა. ექსპერტთა ჩვენებებით ეს არ დასტურდება”, – განაცხადა დავით ხაჟალიამ.
ასევე, ადვოკატის თქმით, დაიკითხა ექსპერტი მაია გოგოჭური, რომელმაც გვამის სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზები ჩაატარა და რომელიც ადასტურებს, რომ გვამს არ აღენიშნებოდა ახლო მანძილიდან სროლისთვის დამახასიათებელი დამატებითი კვლები.
“მან ცალსახად დაადასტურა, რომ გვამს არ აღენიშნებოდა ახლო მანძილიდან სროლისთვის დამახასიათებელი დამატებითი კვლები, როგორიცაა დენთის კვალი, ასევე თანამდევი კვლები, რაც ჭურვის გასროლას ახლავს თან. მანამდე სასამართლოს სხდომაზე დაიკითხნენ ექსპერტები, რომლებმაც ტანსაცმელი გამოიკვლიეს და აღნიშნეს, რომ ტანსაცმელზეც არ აღინიშნებოდა ახლო მანძილიდან გასროლისთვის დამახასიათებელი კვლები”, – განაცხადა დავით ხაჟალიამ.
ე.წ. კორტების სპეცოპერაციის ხელმძღვანელი პირების საქმეზე სასამართლო სხდომა ბრალდების მხარის მტკიცებულებებით გამოკვლევის ეტაპით პირველ ოქტომბერს განახლდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები