პროკურორი: „მამულიჩასთვის“ გირაოთი გათავისუფლების მოტივი მისი პიროვნება და წარსული ცხოვრება გახდა

ნარკოდანაშაულში ბრალდებული კახა მამულაშვილის, იგივე „მამულიჩას“ საქმის პროკურორმა გიორგი დავითაშვილმა მამულაშვილისთვის გირაოს შეფარდების საკითხზე ისაუბრა და განაცხადა, რომ „მამულიჩასთვის“ გირაოთი გათავისუფლების მოტივი მისი პიროვნება და წარსული ცხოვრება გახდა.
ამასთან, მისი თქმით, კახა მამულაშვილმა დანაშაული აღიარა და თავი დამნაშავედ ცნო.
“გირაოთი მისი გათავისუფლების საფუძველი გახლდათ ბრალდებულის პიროვნება, მისი წარსული ცხოვრება და ის გარემოება, რომ მან სრულად ცნო თავი დამნაშავედ.
ეს დაეხმარა გამოძიებას, აღარ არსებობდა მისი, როგორც ბრალდებულის მიმალვის საფრთხე, მტკიცებულებების განადგურების საფრთხე და ჩავთვალეთ, რომ გირაო 15 ათასი ლარის ოდენობით სრულად უზრუნველყოფდა აღკვეთის ღონისძიების შესრულებას. ამასთან, ბრალდებულს დაევალა სამართალდამცავ ორგანოებს ჩააბაროს პასპორტი და პირადობის მოწმობა, ასევე ყოველ 10 დღეში გამოცხადდეს. მოლაპარაკებები საპროცესო შეთანხმებასთან დაკავშირებით არ გვაქვს. აქედან გამომდინარე, წინასწარ ვერ ვიტყვი, გაუფორმდება თუ არა შეთანხმება. დღევანდელი მდგომარეობით მიმდინარეობს საქმის განხილვები და მიმდინარეობა გვაჩვენებს, რა შედეგით დასრულდება”, – განაცხადა პროკურორმა.
შეგახსენებთ, რომ კახა მამულაშვილის სასამართლო პროცესი დღეს 19 ოქტომბრისთვის გადაიდო, რისი მიზეზიც საქმეში ახალი ადვოკატის ჩართვა გახდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები