სასამართლომ გიგი უგულავას მიმართ გამამტყუნებელი განაჩენი გამოიტანა, დავით კეზერაშვილი გაამართლა
თბილისის საქალაქო სასამართლომ რიყის ტერიტორიისა და “თბილსერვისის” საქმეზე თბილისის ყოფილ მერის, გიგი უგულავას მიმართ გამამტყუნებელი განაჩენი გამოიტანა, დავით კეზერაშვილი კი გაამართლა. მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძემ გიგი უგულავას 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა, თუმცა ამნისტიის შესახებ კანონის გათვალისწინებით, გიგი უგულავას საბოლოოდ სასჯელის სახედ და ზომად 4 წელი და 6 თვე განესაზღვრა.
გიგი უგულავა წინასწარი პატიმრობიდან გუშინ გათავისუფლდა. საქალაქო სასამართლოს გუშინდელ გადაწყვეტილებას საფუძვლად დაედო საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება. საუბარია 9-თვიან წინასწარ პატიმრობაზე. კერძოდ, სასამართლომ მიუთითა, რომ საკანონმდებლო ნორმა, რომელსაც გიგი უგულავა ასაჩივრებდა, იმაზე მეტი ვადით უშვებს პირის პატიმრობაში ყოფნას, ვიდრე ეს კონსტიტუციით არის ნებადართული. ეს კი ხელყოფს მისი, როგორც ბრალდებულის, კონსტიტუციის მე-18 მუხლის პირველ და მეექვსე პუნქტებით დაცულ უფლებას.
თბილისის ყოფილი მერი გიგი უგულავა 2014 წლის 3 ივლისს დააკავეს. უგულავას რამდენიმე საქმეზე აქვს ბრალი წარდგენილი. პირველად მას ბრალი 2013 წლის თებერვალში წარუდგინეს, თუმცა მაშინ სასამართლომ მას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა არ შეუფარდა. უგულავა წინასწარ პატიმრობაში ერთ წელზე მეტია, რაც იმყოფება. თბილისის ყოფილ მერს და თავდაცვის ყოფილ მინიტრს დავით კეზერაშვილს გამოძიება უკანონო შემოსავლის ლეგალიზებასა და მითვისებას ედავებოდა.