ლაშა მახარაძის დედა: არ მეგულება მოსამართლე, რომელიც ორი კაცის მკვლელს ქუჩაში გამოუშვებს

საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ გამოტანილი გადაწყვეტილება არ ნიშნავს იმას, რომ საზოგადოებისთვის საშიში პირი ქუჩაში გამოუშვან, – ამის შესახებ მოკლული ლაშა მახარაძის დედამ, ნინო დიდებულიძემ განაცხადა.
ნინო დიდებულიძე იმედოვნებს, რომ მოსამართლე ხათუნა ხარშილაძე გიორგი ოქროპირიძეს არ გაათავისუფლებს.
“არ მეგულება მოსამართლე, რომელიც ორი კაცის მკვლელს ქუჩაში გამოუშვებს. საკონსტიტუციო სასამართლომ რაც კანონი გამოიტანა, არ ნიშნავს იმას, რომ საზოგადოებისთვის საშიში პირი ქუჩაში გამოუშვან. არ მეგულება ისეთი მოსამართლე, რომელიც მკვლელს გარეთ გამოუშვებს და ახალ მკვლელობას ჩაიდენს. არ მაქვს განცდა, რომ მოსამართლე ხათუნა ხარშილაძე მიიღებს გადაწყვეტილებას და ოქროპირიძეს თავისუფლაბაზე გამოუშვებს”, – განაცხადა ნინო დიდებულიძემ.
შეგახსენებთ, გიორგი ოქროპირიძე ვაკეში, აბაშიძის ქუჩაზე, 25 წლის ლაშა მახარაძის მკვლელობაშია ბრალდებული.
მის მიმართ ბრალდების საქმეზე ნაფიცმა მსაჯულებმა ერთხელ უკვე იმსჯელეს, თუმცა 9-თვიანი ვადის ამოწურვის პარალელურად, მათ ვერდიქტი ვერ გამოიტანეს.
ვადის ამოწურვის დროს კი, გიორგი ოქროპირიძეს ახალი ბრალი წარედგინა, ცრუ დასმენისა და ცრუ ჩვენების მიცემის საქმეზე, რაზეც მას კვლავ პატიმრობა განესაზღვრა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები